ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

გოლს პლუს საგოლე გადაცემა! ბუდუს მაგარი მატჩი - კარლსრუე გალიდერდა

მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში, სატურნირო ცხრილის ლიდერმა „პადერბორნმა“ თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს „კარლსრუეს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ბუდუ ზივზივაძის გუნდმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, რაშიც მთავარი როლი სწორედ ქართველმა ცენტრმა შეასრულა, რომელმაც ჯერ მე-16 წუთზე სებასტიან იუნგს გაატანინა, 35-ე წუთზე კი მეკარის უყურადღებობით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. ტაიმის ბოლო წუთზე რაფაელ ობერმაირმა პენალტი ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

ბუდუმ აქტიურობა მეორე ნახევარშიც გააგრძელა და რეალური მომენტებიც შექმნა, დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა გუნდელმა ცარიელ კართან პასი არ მისცა და აშკარა საგოლე შანსი ხელიდან გაუშვეს, რისთვისაც „კარლსრუე“ ბოლო წუთებზე კინაღამ დაისაჯა.

ბუდუს ყველა მომენტი

მეორე ტაიმი ჯამში მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ გოლის გატანა „პადერბორნმა“ საბოლოოდ ვერ შეძლო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ნული ქულით დაასრულა.

როგორც მოგეხსენებათ, ბუდუ ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერია. 17 შეხვედრაში მის ანგარიშზე 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ყველა ტურნირზე კი ჯამში მისი შედეგები ასე გამოიყურება: 20 მატჩი, 14 გოლი, 5 საგოლე გადაცემა.

ეს იყო წლის ბოლო მატჩი. ზივზივაძის გუნდმა სეზონის პირველი ნახევარი ბუნდესლიგაში ამსვლელთა ზონაში დაასრულა. ამჟამად გუნდი პირველ ადგილზეა, თუმცა თუ „კიოლნი“ თავის შეხვედრას მოიგებს, მათ ორი ქულით გაასწრებს და მეორე პოზიციაზე დააქვეითებს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი ორი გუნდი ბუნდესლიგაში პირდაპირ გადადის, მესამე ადგილი კი პლეი ოფს თამაშობს.

გერმანიაში ზამთრის შესვენება იწყება, რომელიც იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. 25 იანვარს „კარლსრუე“ შინ „დიუსელდორფს“ დაუპირისპირდება და ახალ წელს ამ მატჩით გახსნის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: როცა კვარას აკრიტიკებთ, ერთ რამეზე დაფიქრდით
ფედელე: როცა კვარას აკრიტიკებთ, ერთ რამეზე დაფიქრდით