შემოდგომის სიმბოლური გუნდი - კიტეიშვილი ქომაგთა რჩეულ 11-ეულშია
გრაცის „შტურმის“ ქართველი ათიანი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში შემოდგომის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელიც გულშემატკივრებმა შეადგინეს.
ცნობილი ავსტრიული გამოცემის Laola1-ის მკითხველებმა საუკეთესო თერთმეტეული შეარჩიეს, რომელშიც 28 წლის ქართველი ნახევარმცველიც იმყოფება. კიტემ ქომაგებისგან 1539 ხმა მიიღო და საერთო რაოდენობით მე-7 საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ხსენებულ გუნდში ყველაზე მეტი 5 მოთამაშე სწორედ „შტურმს“ ჰყავს.
კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ოთომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 16 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე კი 5 შეხვედრაში 1 ბურთი გაიტანა.
2024/25 წლების სეზონში გრაცელები ჩემპიონატში კვლავ ლიდერები არიან და 16 ტურის შემდეგ 36 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან. მათი უახლოესი მდევარი ვენის „აუსტრია“ 33 ქულით მეორეა. ახლა ავსტრიაში ზამთრის შესვენებაა გამოცხადებული და მატჩები თებერვლიდან განახლდება.