„კლუბმა დროულად უნდა გადაწყვიტოს“ - გერმანული გამოცემა ბუდუს მომავალზე
მეორე ბუნდესლიგის ქართველი ბომბარდირის ბუდუ ზივზივაძის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე ინტერესი იზრდება და ეს „კარლსრუემაც“ კარგად იცის. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში სიახლეებს უნდა ველოდოთ.
„კარლსრუესა“ და ბუდუს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა კონკრეტულ შეთანხმებამდე ჯერ შორია და თან წინ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა გველის, რომლის გახსნის შემდეგ ყველაფერია მოსალოდნელი.
მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურის წინ, „კარლსრუეს“ მთავარ მწვრთნელს კრისტიან აიხნერს, ზივზივაძის მომავლის შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო.
„ბუდუს თაობაზე სიახლეებს ველი და ამ მხრივ ყოველთვის ფხიზლად ვარ. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ყოველი შემთხვევისთვის, ჩემს მაგიდაზე მაინც“.
- ამბობს აიხნერი.
გერმანული გამოცემა Baden24 ბუდუს სატრანსფერო თემას ეხება და შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს.
„ფაქტია, რომ ბომბარდირი ამჟამად სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე საინტერესო კადრი გახლავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბუდუს მომავალთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში სიახლეებს უნდა ველოდოთ, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან კლუბს ნამდვილად არ ენდომება, რომ ზაფხულში ფეხბურთელი უფასოდ დაკარგონ“.
აქვე გეტყვით, რომ ამჟამად „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში 16 ტურის შემდეგ, 26 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და ლიდერთა სამეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.