The Guardian-ის ტოპ 100 ფეხბურთელი | პირველ ადგილზე როდრი გავიდა
The Guardian-მა 2024 წლის საუკეთესო 100 ფეხბურთელის გამოვლენა დაასრულა. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის რეიტინგის პირველ ადგილს „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, როდრი იკავებს, რომელიც ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდა.
ესპანელ ნახევარმცველს ვინისიუს ჟუნიორი მოჰყვება. ერლინგ ჰოლანდი მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი, ლამინ იამალი და ჯუდ ბელინგემი კი მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან. „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, ჰარი კეინი მეექვსე გახლავთ. ლაუტარო მარტინესი - მეშვიდე, ფლორიან ვირცი - მერვე, დანი კარვახალი - მეცხრე, კილიან მბაპე - მეათე.
The Guardian-ის ტოპ 100-ში ორი ქართველი მოხვდა. ხვიჩა კვარაცხელია 49-ე პოზიციაზე იმყოფება. წინა წლის რეიტინგში, „კვარა“ 37-ე გახლდათ და 12-ადგილიანი უკუსვლა აქვს. მე-80-ზე კი გიორგი მამარდაშვილს ვხედავთ, რომელიც ბრიტანული გამოცემის რეიტინგში პირველად მოხვდა.
საინტერესოა, რომ განსხვავებული მოსაზრება აქვს მეორე ბრიტანულ გამოცემას, Givemesport-ს. ამ უკანასკნელმა პირველ ადგილზე ვინისიუსი გაიყვანა, მეორეზე - სალაჰი, როდრის კი მესამე პოზიცია მიაკუთვნა.