„მინდა, აქტიური გუნდი მყავდეს“ | ზურიკოს ახალი მთავარი მწვრთნელის გეგმები
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „მწვანეებს“ ეირიკ ჰორნელანდი გაუძღვება და ნორვეგიელმა სპეციალისტმა გულშემატკივრებს საკუთარი გეგმები და ამბიციები გაუზიარა.
„სენტ-ეტიენი საოცარი კლუბია. მინდა, მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას, რომელმაც საშუალება მომცა, ამ პროექტის ნაწილი გავმხდარიყავი. აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდურობა შემოვიტანო, თავდაჯერებულობა გავაჩინო და ქომაგების ენერგია გამოვიყენო. გვაქვს, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მიზნები.
სენტ-ეტიენმა დისციპლინირებული სათამაშო სტილი უნდა აჩვენოს. მინდა, აქტიური გუნდი მყავდეს, რომელიც შეტევაზე სწრაფად გადადის და თავს მტკიცედ იცავს. ვფიქრობ, ტრიბუნებზე მყოფი ადამიანების დახმარებით, ეს სავსებით შესაძლებელი იქნება. იმედი მაქვს, გულშემატკივრები ჩვენს იდენტობას მალე დაინახავენ.
ვხვდებით, კლუბი ამ მომენტისთვის, რა სიტუაციაში იმყოფება და ვითარების გასააზრებლად სატურნირო ცხრილში ჩახედვაც საკმარისია. ჩვენი როლია, ამ გუნდს მოკლევადიან პერსპექტივაში დავეხმაროთ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, სარგებლის მიღების საფუძველი იქნება“.
ცნობისთვის, 15 ტურის შემდეგ, „სენტ-ეტიენს“ 13 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება. „მწვანეებმა“ 34 გოლი გაუშვეს და ამ მხრივ, მათზე ცუდი შედეგი მხოლოდ ბოლოადგილოსან „მონპელიეს“ აქვს.