რასაც ჯუღელი ითხოვდა - ნაპოლი მზადაა კვარას პირობები დააკმაყოფილოს
ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებსა და „ნაპოლის“ შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას იტალიური Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ის პირობები, რასაც მამუკა ჯუღელი უკვე დიდი ხანია ითხოვს, „ნაპოლი“ მათ დასაკმაყოფილებლად მზადყოფნას გამოთქვამს. საუბარია შემდეგ დეტალებზე: ხვიჩას კონტრაქტი 2029 წლამდე (2027 წლამდეა ძალაში) გახანგრძლივდება, წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონიდან 6 მილიონამდე გაეზრდება და მთავარი - ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა ჩაიწერება, რომელიც 80 მილიონი იქნება! დიახ, ზუსტად იმდენი, რამდენსაც კვარას აგენტი ითხოვდა.
სიტუაცია ძალიან წააგავს ვიქტორ ოსიმენის შემთხვევას, რომელიც გასულ წელს იყო, თუმცა ნიგერიელისგან განსხვავებით, ხვიჩას შემთხვევაში გამოსასყიდი თანხა არა 130 მილიონი, არამედ 80 მილიონია. ეს კი ის რაოდენობაა, რომლის გადახდაც რამდენიმე გრანდს შეუძლია.
ამდენი თვეა მოლაპარაკებები სწორედ ამ დეტალის გამო იწელებოდა. ხელფასის ოდენობა არაფერ შუაში იყო და მხარეებს უთანხმოება მხოლოდ გამოსასყიდ თანხაზე ჰქონდათ.
თუ, Tuttomercatoweb-ის ინფორმაცია დადასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში კვარაცხელიას შეძენის საშუალება ერთბაშად რამდენიმე გრანდს ექნება. შეგახსენებთ, რომ 80 მილიონის გადასახდელად მზაობა „ლივერპულს“, „ბარსელონას“, პსჟ-ს, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „მანჩესტერ სიტის“ აქვთ. თუ, ხსენებული გრანდების გეგმები არ შეიცვალა, ზაფხულში მათ შორის კვარას ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა გაიმართება.