დვალი და გოჩოლეიშვილი კონფერენს ლიგის პლეი ოფში
კონფერენს ლიგის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.
ლაშა დვალის „აპოელმა“ „ასტანას“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. 6 ტურის შემდეგ კვიპროსულმა კლუბმა 11 ქულა მოაგროვა და მე-11 პოზიცია დაიკავა, რაც მათ საპლეიოფო ზონაში ახვედრებს.
რაც შეეხება დვალს, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დღევანდელი მატჩი თადარიგში დაიწყო და მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 1:1 იყო და მისი გუნდი ათი კაცით იყო დარჩენილი.
თავისი შეხვედრა ჩაატარა გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“, რომელიც სტუმრად „რაპიდთან“ 0:3 დამარცხდა.
გოჩოლეიშვილი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი უკვე 0:2-ს აგებდა.
ამ მარცხის მიუხედავად „კოპენჰაგენისთვის“ ბევრი არაფერი შეცვლილა. დანიურმა კლუბმა 8 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა და საპლეიოფო ზონაში მაინც მოხვდა.
პლეი-ოფში მოხვედრილ გუნდებს გადამწყვეტი მატჩები იანვარში ელით.