ბაკურიანი 2025 | რომში მშვიდობის ცეცხლის ანთების ცერემონიალი გაიმართა
Aa
Aa

ბაკურიანი 2025 | რომში მშვიდობის ცეცხლის ანთების ცერემონიალი გაიმართა

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის -„ბაკურიანი 2025“-ის დაწყებიდან 53 დღით ადრე, დღეს, 19 დეკემბერს რომში, უძველესი ისტორიული საზოგადოებრივი კომპლექსის - Mercati di Traiano-ს სივრცეში გაიმართა „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების ცერემონია.

ამ სიმბოლურ და ემოციურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, საქართველოს ერონული ოლიმპიური კომიტეტის, „ბაკურიანი-2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, იტალიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე ახალგაზრდა სპორტსმენები და ანსამბლ „ბასიანის“ წევრები.

ცერემონიას უძღვებოდა სახელოვანი იტალიელი სპორტსმენი, ცურვაში ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონი მასიმილიანო როსოლინო, რომელმაც შესავალი სიტყვის შემდეგ, სცენაზე მოიწვია ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი. მან ხაზი გაუსვა „მშვიდობის ცეცხლის“ სიმბოლურ მნიშვნელობას, ოლიმპიური მოძრაობის განსაკუთრებულ როლს თანამედროვე მსოფლიოში და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მაღალ დონეზე ჩატარდება.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აგრეთვე იტალიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და რომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

შემდეგ საქართველოდან ჩასული სტუმრების ჯერიც დადგა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, „ბაკურიანი-2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე.

როგორც სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, „რამდენიმე წელიწადია, საქართველო გულმოდგინედ ემზადება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამასპინძლოდ. ემზადება დიდი პასუხისმგებლობით. ემზადება იმისთვის, რომ ნამდვილი სპორტული დღესაწაული აჩუქოს ევროპის 48 ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენებს. ქვეყნის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ამ პროცესში, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალური სამსახურები, სპორტული ფედერაციები, მთელი ჩვენი სპორტული საზოგადოება. საქართველო მოუთმენლად ელის „მშვიდობის ცეცხლის“ გამოჩენას ჯერ თბილისში, მერე ქვეყნის რეგიონებში, ბოლოს კი ბაკურიანში, სადაც 9 თებერვალს საზეიმო ვითარებაში აგიზგიზდება მარადიული ქალაქიდან ჩატანილი ცეცხლი. ჩვენ უკვე გვაქვს 2015 წლის ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის წარმატებული ჩატარების გამოცდილება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასევე წარმატებული იქნება „ბაკურიანი -2025.“

სიტყვით გამოსვლების შემდეგ, სპიროს კაპრალოსმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების სიმბოლო - ზეთისხილის ხე გადასცა ლერი ხაბელოვს, მერე კი შეკრებილი საზოგადოება მიიწვია ღია სივრცეში, სადაც ანსამბლ „ბასიანის“ მიერ შესრულებული ქართული სიმღერის თანხლებით აინთო „მშვიდობის ცეცხლი.“ ჩირაღდანი ჩაიბარა მამუკა ხაბარელმა, მან კი, თავის მხრივ, გადასცა მოციგურავე ნიკა ეგაძეს - 2017 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორს და ახალგაზრდა სამთო-მოთხილამურეს ანასტასია მირიანაშვილს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუფასებელი“ | ჩემპიონშიფის X-ის ოფიციალური გვერდის პოსტი ჩაკვეტაძეზე
„დაუფასებელი“ | ჩემპიონშიფის X-ის ოფიციალური გვერდის პოსტი ჩაკვეტაძეზე