რა ხდება ბუდუს მომავალთან დაკავშირებით - ფეხბურთელის და კლუბის პოზიცია
ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ მიმდინარე სეზონს ჩინებულად ატარებს და მეორე ბუნდესლიგის 16 ტურში უკვე 11 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავას სათავეში საქართველოს ნაკრების ფორვარდი უდგას, რომლის ხელშეკრულებაც 2025 წლის ზაფხულში სრულდება.
Kicker-ის ცნობით, „კარლსრუე“ ზაფხულში ბუდუს გაყიდვას არ გამორიცხავს. თუ კლუბმა შესაბამისი შეთავაზება მიიღო, თუმცა ჯერ არაფერია გარკვეული.
„ჩემი კონტრაქტი ძალაში ზაფხულამდეა და იქამდე მსურს გუნდში დავრჩე, კარლსრუეს მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ამის შემდეგ ყველაფერი შესაძლებელი იქნება. თუმცა წინასწარ არაფერი იცი, ეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარასაც ეხება“.
- ციტირებს ბუდუს სიტყვებს Kicker-ი.
„კარლსრუეს“ სპორტული დირექტორი სებასტიან ფრეისი ზივზივაძის შესაძლო ტრანსფერზე კატეგორიულ უარს არ ამბობს და ისიც არაფერს გამორიცხავს, თუმცა კლუბი აფიქსირებს, რომ მათი განზრახვა ქართველი ფორვარდის გაყიდვა ნამდვილად არ არის.
ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე „კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა განაცხადა, რომ ბუდუსთან მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც იმედოვნებს.
ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წელს უნგრული „ფეჰერვარიდან“ 150 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. გერმანიაში 60 მატჩში მან 26 გოლის გატანა შეძლო და ახლა მისი ფასი ტრანსფერმარკტის მიხედვით 1,8 მილიონი ევროა.
ამჟამად „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში 16 ტურის შემდეგ, 26 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და ლიდერთა სამეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ბუდუს გუნდი მე-17 ტურის შეხვედრას შაბათს (16:00) სტუმრად „პადერბორნის“ წინააღმდეგ გამართავს. ეს წლის ბოლო მატჩი იქნება.