ჯენოასთან თამაშის შანსი გაჩნდა | რას წერს ჯანლუკა დი მარციო ხვიჩას ტრავმაზე
„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, მოედანს „ჯენოასთან“ მატჩში დაუბრუნდეს, რომელსაც „პარტენოპეი“ 21 დეკემბერს გამართავს. ამ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს და „კვარას“ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.
„დღევანდელი ვარჯიშისას, ქართველმა ფეხბურთელმა თითქმის მთლიანი სესია გუნდთან ერთად გაატარა და გამოჯანმრთელების მხრივ, პოზიტიური ვითარებაა. სამედიცინო შტაბი და ანტონიო კონტე ხვალ ან ზეგ გადაწყვეტენ, 2001 წელს დაბადებული გარემარბი ჯენოასთან მატჩისთვის განაცხადში შეიყვანონ თუ არ გარისკონ და 2024 წლის ბოლო თამაში მის გარეშე ჩაატარონ“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ტრავმა 8 დეკემბერს, „ლაციოსთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მყესის დაჭიმულობა დაუდგინდა და „უდინეზესთან“ მატჩი, რომელიც „პარტენოპეიმ“ 3:1 მოიგო, გამოტოვა.
„ნაპოლისა“ და „ჯენოას“ დაპირისპირება 21 დეკემბერს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება. ანტონიო კონტეს გუნდს 35 ქულა აქვს და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება.