მიქაუტაძე და გალათასარაი | რა თანხის მიღება სურს ლიონს ქართველის სანაცვლოდ
გიორგი მიქაუტაძე „გალათასარაის“ რადარზე იმყოფება. თურქული კლუბი ქართველი ფეხბურთელის გადაყვანაზე სერიოზულად ფიქრობს და როგორც გაუწყეთ, „ლიონს“ დაუკავშირდა კიდეც, ახლახან კი ფრანგთა პოზიცია გახდა ცნობილი.
თურქი ჟურნალისტის, ქაგან დურსუნის ინფორმაციით, „ლიონს“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს. „გალათასარაის“ მიზანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეტევის გაძლიერებაა. „გალა“ პაულო დიბალას ვარიანტს განიხილავდა, მაგრამ კლუბში მიაჩნიათ, რომ შედარებით ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმება უკეთესი ნაბიჯი იქნება.
დურსუნის ცნობით, მიქაუტაძის გარდა, „გალათასარაის“ სიაში რასპადორი და ვარგასი იმყოფებიან. გიორგის თანაგუნდელს, გიფტ ორბანს რაც შეეხება, ის „გალას“ პრიორიტეტი არაა და საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის მთავარი მწვრთნელი მიიღებს. ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს კიდევ ერთი თურქი ჟურნალისტი, ნევზათ დინდარი. მისი თქმით, „ლიონი“ 25 მილიონს ითხოვს, „გალათასარაი" კი მზადაა, 15 მილიონი გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. გიორგის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული.