„ამ მომენტისთვის, ნერეში კვარაზე ძლიერია“ | Sky Italia-ს კომენტატორი
ფაბიო კარესა იტალიელი ჟურნალისტი და Sky Sport Italia-ს კომენტატორია. საკუთარ იუთუბ არხზე, მან ანტონიო კონტეს „ნაპოლიზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის, დავიდ ნერეში ხვიჩა კვარაცხელიაზე ძლიერი ფეხბურთელია.
„რა თქმა უნდა, ანტონიო კონტეს სადებიუტო სეზონში, შესაძლოა, რთული პერიოდები იყოს, მაგრამ მისი დამსახურებაა, რომ დავიდ ნერეში გამოჩნდა. ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩათვლის, თითქოს სისულელეს ვამბობ, მაგრამ ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის ბრაზილიელი ხვიჩა კვარაცხელიაზე ძლიერი ფეხბურთელია.
ნერეში უფრო გადამწყვეტი, სწრაფი და ნაკლებად ჯიუტია. ქართველ მოთამაშეს მცირე უკუსვლა აქვს. კვარა ყოველთვის ძლიერი იყო, მაგრამ უდინეზესთან ნაჩვენები თამაშის გამო, ნერეში დროის მიღებას იმსახურებს. ნაპოლის 13-14 კარგი ფეხბურთელი ჰყავს და საჩემპიონო რბოლაში ეს მნიშვნელოვანია“.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ დაასახელა სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებსაც მოედანზე ყველაზე დიდი გავლენა აქვთ. „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-ში იმყოფება და „კვარა“ მე-6 პოზიციას იკავებს. იგი მხოლოდ „ინტერისა“ და „ატალანტას“ ფეხბურთელებს ჩამორჩება.