„ილია გონებრივად გადაიღალა და სტიმულის პოვნა უჭირს“ - დანიელ კორმიე
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, დანიელ კორმიემ ილია თოფურიას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორს“ შესაძლოა, ქვემსუბუქ წონაში მოტივაციის საფუძველი აღარ აქვს, რადგან მან ამავე წონის ორი ყველაზე გამორჩეული მებრძოლი დაამარცხა - ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი. კორმიე ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც უნდა ილიას მსუბუქ წონაში გადასვლა, სწორედ ესაა.
რას ამბობს კორმიე თოფურიაზე:
„როდესაც საუკეთესოებს აჯობებ, განსაკუთრებით მათ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ამ დივიზიონს მართავდა, შესაძლოა ახლა მცირე დაღლილობას გრძნობდე. არ ვგულისხმობ ორგანიზმის, ან კუნთების დაღლილობას, არამედ მხედველობაში მაქვს გონებრივი გადაღლილობა. თქვენ უნდა იყოთ ისეთი სრულყოფილი, რომ გააკეთოთ ის, რაც მან გააკეთა ჰოლოუეისთან და ვოლკანოვსკისთან“.
„ვფიქრობ, თოფურია ახლა ამას ფიქრობს: „მე დავამარცხე ამ წონაში ყველა დრონის ორი საუკეთესო მებრძოლი და ახლა ევლოევს, ან დიეგო ლოპესს უნდა ვებრძოლო?“ მგონია, რომ ქვემსუბუქ წონაში დარჩენილი გამოწვევები თოფურიას სტიმულს აღარ აძლევს“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი ოქტომბერში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, რამდენიმე კვირის წინ კი განაცხადა, რომ წონის შეცვლას განიხილავს და მის გეგმაში მსუბუქ წონაში გადასვლაა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია.
„მატადორმა“ რუსი მებრძოლი ჰოლოუეისთან გამარჯვების შემდეგაც გამოიწვია, თუმცა, მახაჩევმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ისლამს ქამრის დაცვა 19 იანვარს, UFC 311-ზე არმან ცარუკიანის წინააღმდეგ მოუწევს. ამავე ქარდზე, ჩემპიონის ქამარს სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილიც დაიცავს, რომლის მეტოქეც ისლამ მახაჩევის თანაგუნდელი და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უმარ ნურმაგომედოვი იქნება.