გრიპის ვირუსი - მიქაუტაძემ შესაძლოა, წლის ბოლო მატჩი გამოტოვოს
გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, 2024 წლის ბოლო მატჩი, რომელიც „ლიონმა“ საფრანგეთის თასზე „ფენის-ოლნოის“ წინააღმდეგ უნდა გამართოს, გამოტოვოს.
ქართველმა შემტევმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ გრიპის ვირუსი აქვს და ამის გამო, ბავშვთა ჰოსპიტალში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოუწია. მიქაუტაძის მიმართვაც სწორედ ავადმყოფი ბავშვებისკენ იყო მიმართული და მათ შეხვედრის გაუქმების გამო ბოდიში მოუხადა.
„იმედი მაქვს, თქვენ კარგად ხართ. მე ავად ვარ, გრიპი მაქვს, წუხელ ბევრი ღებინება მქონდა და ვერ ვივარჯიშე. ძალიან გამიცრუვდა იმედები, რადგან ამ საღამოს, ფან-კლუბში ბავშვებთან დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა. იმედი მაქვს, რომ ამ ღონისძიების გადადება შეგვიძლია, რადგან ეს ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია“, - ამბობს მიქაუტაძე.
— Georges Mikautadze (@MikautadzeG) December 18, 2024
18 დეკემბერს, ქართველი ფეხბურთელი „ლიონის“ ფანებს კლუბის ფან-შოპში უნდა შეხვედროდა. ღონისძიებაზე დაგეგმილი იყო, რომ გულშემატკივრებს „ლიონის“ მაისურებიც უნდა მოეტანათ, რომელსაც შემდეგ, მიქაუტაძე ავადმყოფ ბავშვებს დაურიგებდა.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რამდენი დღე გაუცდება ქართველ ფეხბურთელს. საფრანგეთის თასზე „ლიონი“ მესამე ლიგის გუნდ „ფენის-ოლნოის“ 21 დეკემბერს დაუპირისპირდება და სავარაუდოდ, კლუბი გიორგი მიქაუტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ცნობებს უახლოეს საათებში გაავრცელებს. ამ შეხვედრის შემდეგ, „ლიონი“ საშობაო შესვენებაზე გავა და შემდეგ შეხვედრას 2025 წლის 5 იანვარს, „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავს.