რეალმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო - ანჩელოტიმ ახალი რეკორდი დაამყარა
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში მადრიდის რეალი პაჩუკას დაუპირისპირდა და მარტივად 3:0 დააფიქსირა.
პაჩუკას ნგრევა 37-ე წუთზე კილიან მბაპემ დაიწყო, რომელმაც ვინისიუსი ჟუნიორის საგოლე გადაცემა გამოიყენა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. ბურთს ძირითადად მადრიდელები აკონტროლებდნენ.
53-ე წუთზე როდრიგომ გაიბრწყინა და ეფექტური გოლი გაიტანა, რითიც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა.
საბოლოო წერტილი ვინისიუს ჟუნიორმა დასვა, რომელმაც ლუკას ვასკესის მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა.
დარჩენილ დროში პაჩუკამ ერთი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ 100%-იანი თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა. საბოლოოდ, მადრიდის რეალი საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია.
ცნობისთვის, კარლო ანჩელოტისთვის ბლანკოსის რიგებში ეს მე-15 ტიტული იყო, რითიც ის რეალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა.