მიქაუტაძე საქველმოქმედო ღონისძიებას და სავარაუდოდ წლის ბოლო მატჩსაც გამოტოვებს
გიორგი მიქაუტაძეს დღეს საქველმოქმედო აქციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. Parc OL-ის ბუტიკში ის „ლიონის“ ქომაგებს უნდა შეხვედროდა, რომლიდანაც შეგროვებული თანხით ბრონის ჰოსპიტლის ბავშვებს სათამაშოებითა და სხვადასხვა საჩუქრებით დაეხმარებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ღონისძიება გაუქმდა.
ამის მიზეზი მიქაუტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. საქართველოს ნაკრების ფორვარდს სერიოზული არაფერი სჭირს, თუმცა მას ვირუსი აქვს და გუნდის ვარჯიშშიც არ მიუღია მონაწილეობა.
შესაძლოა ხსენებული ღონისძიება წლის ბოლომდე მაინც ჩატარდეს, მიქაუტაძეს ამის დიდი სურვილი აქვს, თუმცა 2024 წელს ჟორჟი თამაშს ვეღარ შეძლებს.
„ლიონს“ წელს მხოლოდ ერთი მატჩი რჩება, საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში მე-4 დივიზიონის „ფეინი ოუნუას“ დაუპირისპირდებიან, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება.
2025 წელი „ლიონისთვის“ 4 იანვარს „მონპელიესთან“ საშინაო შეხვედრით დაიწყება. პიერ საჟის გუნდი 15 ტურის შემდეგ, 25 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.