სახო: საქართველომ გამაოცა, აქ გადმოსვლა სწორი არჩევანი იყო
ქუთაისის „ტორპედოს“ ფრანგი ლეგიონერი მამადუ სახო იტალიურ Foot Mercato-ს ესაუბრა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საქართველოსა და ქართული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა.
„აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახიც ბედნიერია. მოხარული ვარ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე. კლუბთან საქმე ძალიან კარგად მიდის. გუნდელებთანაც მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. აქ სხვა ლეგიონერებიც გვყავს - ბრაზილიელები, ნორვეგიელები, სერბები. მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი, მიჯრით 11 მატჩი ჩავატარეთ. ახლა სეზონის ბოლო მოდის. წინასასეზონო მზადებას კი 20 იანვრიდან დავიწყებთ.
რატომ ავირჩიე საქართველო? ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახის საერთო არჩევანი. ოჯახის წევრები აქ ჩემს ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდნენ. მათ ყველა ძალიან კარგად დახვდა, კლუბი, პრეზიდენტი, მწვრთნელი... ეს ძალიან ლამაზი ქვეყანაა, რომელიც ჩემს გაოცებას იწვევს. ცოტათი ალბანეთს მაგონებს, ლამაზი სანაპიროებითა და მთებით. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ბავშვები კარგ პირობებში გაიზარდონ. მიუხედავად იმისა, რომ მე პარიზში და ლონდონშიც მიცხოვრია, ისეთი თანამედროვე და მოდერნიზებული და მაღალი დონის სკოლები როგორიც საქართველოშია, აქამდე არსად მინახავს.
საქართველოში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, ისინი ნელ ნელა მათ ევროპაში გაშვებას იწყებენ. ამჟამად ქართულ ფეხბურთში ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიც არიან ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი და სხვები. მათ ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი ხელმძღვანელობს.
ჩემი გუნდი არ არის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი კლუბი, რომელიც დასარჩენად იბრძვის. ჩვენ უმაღლესი მიზნები გვაქვს. ადგილობრივი ჩემპიონატი კი პროგრესს განიცდის. ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეა და ინფრასტრუქტურაც უმჯობესდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მინდვრები, რომლებიც მართლაც კარგად არის გაკეთებული, ლამაზი გასახდელებით, ხარისხიანი აღჭურვილობით, რათა ახალგაზრდა ქართველ ნიჭიერ მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება ჰქონდეთ.
ბოლო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა იმ დონეს მიაღწია, რომელსაც არავინ ელოდა. ქართველებს ფეხბურთის განსაკუთრებული ხედვა აქვთ, რომლითაც ეროვნულ ნაკრებს პროგრესში ეხმარებიან“.
შეგახსენებთ, რომ სახომ და „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის უკვე დასრულებული სეზონი 70 ქულით მე-2 პოზიციაზე დაასრულა. ჩემპიონი კი 75 ქულით „იბერია 1999“ გახდა.