„რა მოხდება, თუ კვარა სკამზე დაჯდება და ადგილს ნერეშს დაუთმობს“ - კასანოს და ადანის ანალიზი
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ თავის „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელ, დანიელე ადანისთან ერთად „უდინეზესთან“ მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიასა და დავიდ ნერეშის კონკურენციაზეც ისაუბრა.
რას ამბობს კასანო:
„ხარისხობრივ დონეზე, „ნაპოლიმ“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა თუნდაც იმის მიუხედავად, რომ პირველ ტაიმში ვერ გაიმარჯვა. „უდინეზე“ ყველანაირად ცდილობდა, რომ მეტოქეზე უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ნაპოლიმ საკმაოდ ხარისხიანად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა“.
„მაგრამ ახლა მინდა ერთგვარი პროვოკაცია მოვაწყო. „ნაპოლიში“ ლობოტკას შემდეგ, ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს, ხვიჩა კვარაცხელიაა. მაგრამ უდინეზესთან ნაპოლიმ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ორი ისეთი გარემარბით, როგორსაც კონტე ისურვებდა. მათ ათასი მილი გაირბინეს წინ და უკან. მას არ უნდა ათიანი, რომელიც ფლანგზე ითამაშებს, მაგრამ თავის საქმეს მაინც შეასრულებს. ჩემი კითხვაა: ამ მატჩის შემდეგ, შეუძლია კვარას სკამზე დაჯდომა და ნერეშისთვის სასტარტოში ადგილის დათმობა?“
ამის საპასუხოდ დანიელე ადანიმ თქვა:
„ვფიქრობ, მიზანი კვარას განვითარება და ნერეშსა და პოლიტანოს შორის არჩევანის გაკეთებაა. ასევე, შესაძლებელია, რომ ბრაზილიელმა სკოტ მაკტომინეის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. არ ვამბობ, რომ ეს მოხდება, მაგრამ უბრალოდ მომეწონებოდა, თუ კონკურენციას მასაც გაუწევდა. როდესაც ანტონიოს ვნახავ, ამ აზრს შევთავაზებ“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედანს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. ცნობილია, რომ ქართველი შემტევი მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს „ჯენოას“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
16 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, ლიდერ „ატალანტას“ კი 2 ქულით ჩამორჩება.