„ეს უბრალოდ არასწორია“ | რა თქვა ალჯომ მერაბისა და უმარის ჩხუბზე
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. „ალჯომ“ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ არასწორია ის, რაც მოხდა.
„მერაბს უმართან ჩხუბზე უარი არასდროს უთქვამს. მთავარი პრობლემა ორთაბრძოლის გამართვის თარიღი იყო. ნურმაგომედოვმა და მისმა გუნდმა სასურველს მაშინ მიაღწიეს, როცა სოციალურ ქსელში დვალიშვილის სამშობლოზე დაიწყეს ლაპარაკი. ყველა რელიგიას პატივს ვცემ, მაგრამ საკუთარი რელიგიის გამოყენება, რომ თითქოს ვიღაც გაგირბის, როცა თავად იხვეწები, თვალთმაქცობაა.
უმარი ჩემპიონი არაა და არ აქვს უფლება, სხვებს უთხრას, რა გააკეთონ. ძმაო, წელიწადში ერთხელ ჩხუბობ... როგორც მახსოვს, ბელალ მუჰამედმა რამადანის დროს იჩხუბა და მაინტერესებს, რატომ არაა ერთი ადამიანისთვის პრობლემა რამადანის დროს ჩხუბი და რატომაა მეორისთვის? რატომ უნდა წავიდეს დათმობებზე მერაბი, რომელიც მოქმედი ჩემპიონია? ვფიქრობ, ყველა, ვინც საღად აზროვნებს, მეთანხმება.
დვალიშვილს ვუთხარი თუ ახლა მასთან ჩხუბისთვის მზად არ ხარ, რამადანის შემდეგ შეხვდი-მეთქი. მერჩივნა, ეს ორთაბრძოლა მოგვიანებით მენახა, ვიდრე იანვარში, რადგან უფრო სამართლიანი იქნებოდა. მერაბისა და უმარის დაპირისპირება ჩხუბამდე 6 კვირით ადრე ჩანიშნეს, რაც საჩემპიონო ორთაბრძოლისთვის ძალიან ცოტა დროა. მესმის, ქამრის პრეტენდენტი ასეთ მცირე დროზე თანახმა რატომაა, მაგრამ ჩემპიონს ასეთი პირობები არ უნდა წაუყენო. ეს უბრალოდ არასწორია. ამის შემდეგ, საკუთარ თავს ეკითხები, რისთვის იმუშავე ამდენი, რომ ჩემპიონი გამხდარიყავი თუ მაინც უსამართლო დამოკიდებულებას იღებ“.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირებას UFC 311-ზე ვიხილავთ, რომლის მთავარი მოვლენაც არმან ცარუკიანისა და ისლამ მახაჩევის საჩემპიონო ბრძოლაა.