მსურველები პრემიერ ლიგიდან | ჩაკვეტაძეს სამი გუნდი აკვირდება
გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და „უოტფორდის“ ერთ-ერთი ლიდერია. „კრაზანების“ ქართველი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის წარმომადგენლების რადარებზე მოექცა და მისით სამი კლუბია დაინტერესებული.
Football League World-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ჩაკვეს“ „ლესტერი“, „ევერტონი“ და „ვულვზი“ აკვირდებიან. მათ გიორგის თამაში მოსწონთ, მაგრამ შესაძლოა, „უოტფორდის“ მიერ მოთხოვნილი თანხა, რომელიც 20 მილიონი გირვანქა სტერლინგია, სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს.
Football League World-ს განუცხადეს, რომ არის შანსი, მაღალმა ფასმა კლუბებს უკან დაახევინოს, მაგრამ ფაქტია, რომ „ჩაკვესადმი“ ინტერესი ერთიორად გაზრდილია. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „კრაზანების“ მიზანი პრემიერ ლიგაში დაწინაურებაა და ქართველი ფეხბურთელის გაშვების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავთ.
ცნობისთვის, ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის მიმდინარე სეზონში, მოედანზე 600-ზე მეტი ფეხბურთელი გასულა. ჩაკვეტაძე ერთადერთია, რომელმაც 40-ზე მეტი სახიფათო მომენტი შექმნა და 40-ზე მეტი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა.