დავით ყიფიანი
Aa Aa

„მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ფეხბურთი მიყვარს“ - შეუჩერებელი დავით ყიფიანი

დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს, თბილისში, ექიმების ოჯახში დაიბადა. მომავალი ფეხბურთელის აღზრდით ძირითადად მისი ბებიაა იყო დაკავებული, რომელმაც მას ბავშვობიდან ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარული ჩაუნერგა.

თუმცა პატარა დავითის მთავარ სიყვარულს ფეხბურთი წარმოადგენდა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო საქართველოში - თბილისის „დინამოს“ მატჩებით შთაგონებულები ბავშვები, ფაქტობრივად ყველა ეზოში ფეხბურთს თამაშობდნენ.

ქართველი ბავშვები თბილისის „დინამოს“ ახალ თაობას ბაძავდნენ: შოთა იამანიძეს, ვლადიმერ ბარქაიას, სერგო კოტრიკაძეს, მიხეილ მესხს, ბორის სიჭინავას, გურამ პეტრიაშვილს, ზაურ კალოევსა და ჯემალ ზეინკლიშვილს.

13 წლის ასაკში, დათო თბილისის საფეხბურთო სკოლაში შეიყვანეს, სადაც მას ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ავარჯიშებდნენ. მისი პირველი მწვრთნელი ბორის ჭელიძე იყო.

3 წლის შემდეგ, ყიფიანმა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში პირველი ჯილდო მოიპოვა - ის სოჭში გამართული „იმედის თასის“ გამარჯვებული გახდა.

იმავე წელს ახალგაზრდულმა გუნდმა თბილისში, საბჭოთა კავშირის 21-წლამდელთა ნაკრები 2:1 დაამარცხა, რის შემდეგაც ყიფიანი „დინამოს“ დუბლებში ჩაირიცხა. ამავდროულად ის საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა, თუმცა ყიფიანმა ეზოში თამაშის დროს მენისკი დაიზიანა, რის გამოც, იძულებული გახდა ფეხბურთს დროებით ჩამოშორებოდა.

დათო გუნდიდანაც წავიდა, 1969 წელს კი მან თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა სამედიცინოზე ჩაბარება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ამაში ხელი კვლავ ტრავმამ შეუშალა - ამჯერად ხელი მოიტეხა და კვლავ ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს.

ტრავმის გამო, დათომ სამედიცინოს გამოცდები გამოტოვა და მოგვიანებით ქიმიურზე ჩააბარა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს სფერო არ აინტერესებდა, რის გამოც იურიდიულ ფაკულტეტზე გადააბარა.

ოპერაციის შემდეგ, ყიფიანს არაერთი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა მამამ უთხრა: „თუ გინდა ფეხბურთი კარგად ითამაშო, „დინამოსთან ახლოს იყავი“.

საბოლოოდ, დათო თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა. სწორედ იქ შეხვდა ის პირველად ნოდარ ახალკაცს, 1970 წლის ბოლოს კი, დათო დინამოს“ მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, გავრილ კაჩალინმა ის ძირითად შემადგენლობაში იხმო.

უმაღლეს ლიგაში ყიფიანის დებიუტი 1971 წელს, ტაშკენტის „ფახტაქორის“ წინააღმდეგ შედგა. ის ცვლილებაზე შევიდა. აღნიშნული მატჩი დინამომ 0:1 წააგო. ყიფიანის თამაში არც მაყურებელს მოეწონა და არც თავად მას, თუმცა მისმა გუნდმა იმ სეზონში 30 მატჩიდან მხოლოდ 8 წააგო და მესამე ადგილი დაიკავა.

1972 წელს ისტორია გამეორდა - თბილისელებმა კვლავ ბრინჯაო აიღეს. 1973 წლის სეზონში მათ უკან დაიხიეს და მე-5 ადგილი დაიკავეს, თუმცა ყიფიანი პირველად მოხვდა 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის, თავდამსხმელის კატეგორიაში. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ 1974 წელს, ყიფიანი საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოიძახეს.

1974 წლის 17 აპრილს, დათომ მონაწილეობა მიიღო იუგოსლავიის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ მატჩში და გადამწყვეტი გოლი გაიტანა - მატჩი 1:0 დასრულდა.

დავით ყიფიანი: „ნაკრებში პირველად გამომიძახა ბესკოვმა, რომელსაც ყველაზე ძლიერ მწვრთნელად ვთვლი. მაშინ მე ფეხი ცოტათი მაწუხებდა, მაგრამ ნაკრებში თამაშის შანსი გამოჩნდა და შემეძლო კი უარი მეთქვა?“.

ამ მატჩიდან 3 კვირაში, ყიფიანი გაზეთ „საბჭოთა სპორტს“ ინტერვიუ მისცა, სადაც მან თქვა:

„მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ფეხბურთი მიყვარს და იმისთვის, რომ სიყვარული ორმხრივი იყოს, ბევრი მუშაობა მიწევს. ნაკლი უფრო ბევრია, ვიდრე ღირსებები და მე ფიზიკურად ბევრი უნდა ვიშრომო, რათა ტექნიკა დავხვეწო და დარტყმა გავაძლიერო“.

მალე ყიფიანი იძულებული გახდა, ნაკრები დაეტოვებინა. დათოს კვლავ არ გაუმართლა - ოდესაში შეკრების დროს, მან მეორე მენისკი დაიზიანა.

იმ დროს ქართველი ფეხბურთელი უდიდეს დატვირთვას განიცდიდა: დათო თამაშობდა კლუბში, ახალგაზრდულსა და მთავარ ნაკრებში, რის გამოც, 1 თვის განმავლობაში, არანორმალურად ბევრი თამაში ჩაატარა. დათოს ცნობილი ქირურგი, ოთარ ღუდუშაური მკურნალობდა, მაგრამ დრო მაინც დაეკარგა.

ალექსანდრე ჩივაძე ამბობდა: „დათოს თამაშის მანერით ჰოლანდიელ კრუიფს ამსგავსებენ. მართებული შედარებაა. სხვათა შორის, კრუიფი მისი კერპი იყო. მახსოვს, 1974 წელს, გერმანიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ყოფიანი ტრავმა ჰქონდა და უჟჰოროდში წავიდა, რადგან ამ ქალაქში ჩემპიონატის ყველა მატჩის ყურება შეიძლებოდა. მან შეამჩია, რომ კრუიფი მოედანზე მწვრთნელის როლსაც ასრულებდა და დროთა განმავლობაში, დათომაც თავის თავზე აიღო ეს არც თუ ისე მსუბუქი ტვირთი“.

1974 წლის სეზონში, „დინამომ“ მე-9 ადგილი დაიკავა - მსგავსი რამ 1958 წლის შემდეგ არ მომხდარა. მომდევნო წელს თბილისელებმა მხოლოდ 1 პოზიციით წავიდნენ წინ.

გუნდისთვის, რომელიც პრიზიორების რიცხვში შედიოდა, ეს კატასტროფის ტოლფასი იყო (თუმცა ყიფიანი ტოპ 33 ფეხბურთელს შორის კვლავ მოხვდა).

ფაქტი იყო, რომ „დინამოს“ კრიზისი ჰქონდა და სწორედ მაშინ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიწვიეს ნოდარ ახალკაცი - ადამიანი, რომელიც 60-იანი წლების ბოლოს თბილისის „ლოკომოტივს“ წვრთნიდა, სადაც დათო თამაშობდა.

ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით, გუნდი ახლებურად და ცოცხლად ათამაშდა. საბოლოდ, „დინამომ“ ორივე ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, ყიფიანი კი ყიფიანი ისევ 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის კვლავ მოხვდა. მასთან, ის დაბრუნდა როგორც ახალგაზრდულ, ისე საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, დათო 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მონაწილეობდა. 8 მატჩიდან მან მონაწილეობა 6-ში მიიღო და 2 გოლიც გაიტანა.

სრულიად განსხვავებული ემოციები გამოცადა ყოფიანმა საბჭოთა კავშირის მთავარ ნაკრებში. მაშინ გუნდის მწვრთნელები ვალერი ლობანოვსკი და ოლეგ ბაზილევიჩი იყვნენ. ნაკრების 90 %-ს სწორედ მათი აღზრდილები წარმოადგენდნენ და მხოლოდ რამდენიმე „უცხო“ მოთამაშე დაიმატეს: მათ შორის დავით ყიფიანი და ვლადიმერ ფედოროვი.

მაშინ საბჭოთა ნაკრების მიზანი 1976 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობა იყო. სწორედ იქ მიიწვიეს მაშინ დათო. ნაკრებმა ოლიმპიადაზე თამაშები 19 ივლისს, მასპინძელ კანადასთან დაპირისპირებით დაიწყო. საბჭოთა გუნდმა შეხვედრა 2:1 მოიგო, თუმცა ყიფიანს არ უთამაშია - ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

საბოლოო ჯამში, სწორედ იქიდან უყურა მან მთელ ოლიმპიადას. ეს ქართველი ფეხბურთელის თავმოყვარეობაზე პირველი სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, ის ისე განიცდიდა, რომ სასტუმროს აივანზე იტირა კიდევაც.

როგორ იხსენებდა იმ პერიოდს ყიფიანი:

„არასდროს მიკითხავს ლობანოვსკისთვის, რატომ არ გამიყვანა ერთხელ მაინც მოედანზე იმ ოლიმპიადის დროს, თუმცა ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფეხბურთელმა ასეთი კითხვები არასდროს არ უნდა დასვას. შესაძლებელია, მართლაც მის ტაქტიკაში არ ვჯდებოდი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამაში „ეროვნული პოლიტიკა“ იყო გარეული - მაშინდელ ნაკრებში 90% კიეველები თამაშობდნენ. კანადიდან ესპანეთში წავედი. იქ თბილისის „დინამოსთან“ ერთად, საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში, „ფლამენგოსთან“ ვითამაშე. მატჩი ფრედ - 3:3 დასრულდა. მე ვთამაშობდი ცნობილი ზიკოს წინააღმდეგ და თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, ის ისე „გავამწარე“, რომ თამაშის შემდეგ, მაისურის გაცვლაზე უარი მითხრა. მოედანი კი ფეხზე მდგომი გვიკრავდა ტაშს. ამის შემდეგ საბჭოთა ნაკრებში გიჟური განწყობით დავბრუნდი, ჩემპიონატის დასასრული კარგად ჩავატარე და ქვეყნის მეორე ფეხბურთელი გავხდი, ხოლო მომდევნო წელს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საბჭოთა კავშირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს“.

იმ წელს, თბილისურმა კლუბმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ასევე, ისტორიაში პირველად საბჭოთა კავშირის თასის ჩემპიონი გახდა.

ფინალურ შეხვედრაში მათ ერევნის „არარატი“ 3:0 დაამარცხეს - ერთ-ერთი გოლი ყიფიანმა შეაგდო. 1977 წელს, „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, ერთ-ერთი მატჩი კი სკანდალით დასრულდა. საუბარია „ზარიასთან“ გამართულ შეხვედრაზე.

„ის შეხვედრა 0:0 მორჩა. მსაჯები ჩვენ ნამდვილად გვჩაგრავდნენ. აღშფოთებული გულშემატკივრები მოედანზე გადმოვიდნენ, დაიწყეს მილიციის ცემა და კინაღამ მსაჯებს მისწვდნენ. მაშინ ძალიან მამაცურად მოიქცა ედუარდ შევარდნაძე, რომელიც დაცვის გარეშე ჩამოვიდა სტადიონზე და სიტუაცია განმუხტა. მოთამაშეები მის გვერდით ვიყავით. შემდეგ ასობით გულშემატკივარმა ხელში ამიტაცა და „პლეხანოვზე“ ისე მატარეს და მე როგორც, ლენინმა, პურის სატარებელი მანქანის სახურავიდან განრისხებულ გულშემატკივრებს მივმართე. შეიძლება მაშინ ვრისკავდი, მაგრამ ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი“, - ასე გაიხსენა ყიფიანმა ეს დღე.

1977 წელს, ყიფიანი 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში კვლამ მოხვდა. ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი იყო. დათო საბჭოთა ნაკრებში კვლავ გამოიძახეს, რომლის მწვრთნელი იმ დროისთვის უკვე ნიკიტა სიმონიანი იყო - ის ყიფიანს ათამაშებდა როგორც ამხანაგურ, ისე ოფიციალურ მატჩებში.

1977 წლის 24 აპრილს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბჭოთა კავშირის ნაკრებმა საბერძნეთი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მატჩში მეორე გოლი სწორედ ყიფიანმა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრაში, რომელიც უნგრეთის წინააღმდეგ გაიმართა, ყიფიანი მოედანზე 61-ე წუთზე გავიდა, 88-ზე კი გოლი გაიტანა. იმ მომენტისთვის, საბჭოთა კავშირის ნაკრები 0:2 მარცხდებოდა. ყიფიანმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

ამ მარცხის შემდეგ საბჭოთა კავშირმა კიდევ ორი შეხვედრა გამართა. საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდა, ხოლო იმავე უნგრეთის ნაკრებს 2:0 მოუგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.

1977 წლის 14 სექტემბერს, უეფა-ს თასის ეგიდით გამართულ მატჩში, თბილისის „დინამომ“ „სან სიროზე“, მილანის „ინტერი“ მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი ყიფიანმა გაიტანა. მეორე თამაში ფრედ 0:0 დასრულდა და თბილისელები მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ, სადაც მათ დანიის „კოპენჰანგენი“ დაამარცხეს, თუმცა 1/8 ფინალში, შვეიცარიულ „გრასჰოპერსთან“ ორმატჩიან დუელში დამარცხდნენ.

საბჭოთა ჩემპიონატში 1978 „დინამოსთვის“ „ოქროს წელი“ იყო. იმავე სეზონში დათო 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის კვლავ მოხვდა. გარდა ამისა, მას წამყვანი ევროპული კლუბების საფეხბურთო მენეჯერები უკავშირდებოდნენ, მზა კონტრაქტითა და სოლიდური პირობებით, თუმცა დათო ყველას უარით ისტუმრებდა - ის ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ საზღვარგარეთ არავინ გაუშვებდა.

„ბევრი ამბობდა - როდესაც ქართველი ფეხბურთელი ვარსკვლავი ხდება, მას ბევრი ცდუნება უჩნდება. მაგალითად, ყველას სურს თავის კერპთან ჭიქა ღვინო დალიოს. იმის თქმა, რომ სულ ფხიზელი ვიყავი, არ შეიძლება, მაგრამ მე ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და ის ყველაფერზე მაღლა იდგა, განტვირთვა კი ნიშნავს გაჩერდე“ - ამბობდა ყიფიანი.

 საბჭოთა ნაკრების ერთ-ერთი წევრი, ლეონიდ ბურიაკი დათოს ასე იხსენებდა:

ყიფიანთან თამაში ერთი სიამოვნება იყო - ნამდვილი მასტერია. ჩვენ ერთმანეთს ნახევარი სიტყვითაც ვუგებდით. ჩვენ ვმეგობრობდით და სიტყვაზე მენდეთ -ის ოქროს ბიჭი იყო. ჩემთან სახლში კიევში, მასთან სტუმრად, თბილისში და ყველგან, სადაც კი შევხვედრილვართ, ის მხიარული და ხუმარა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მხოლოდ თვალები ჰქონდა სევდიანი“.

1978 წელს, როდესაც საბჭოთა ნაკრები 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ატარებდა, ყიფიანი აღარ გამოიძახეს. მაშინდელ ნაკრებში მხოლოდ ერთი ქართველი თამაშობდა - ვლადიმერ გუცაევი.

საბოლოოდ, ნოემბერში ყიფიანი მაინც გამოიძახეს ნაკრებში, რომელიც იაპონიაში მოკლე ტურნეში გაემგზავრა. მასთან ერთად იყვნენ მისი თანაგუნდელები - თამაზ კოსტავა და ვიტალი დარასელია.

იაპონიასთან გამართული 3 მატჩიდან 2-ში თბილისელებმა გოლები გაიტანეს, მათ შორის 2 დათომ. 1979 წლის საბჭოთა ჩემპიონატზე თბილისის „დინამომ“ მე-4 ადგილი დაიკავა.

„1979 წელს, ბაქოს „ნეფტჩისთან“ შინ 2:1 წავაგეთ. გულშემატკივარი, რომელიც მიჩვეული არ იყო საშინაო დამარცხებებს, განრისხდა. მოთამაშეები დანაღმული ავტომობილებით გაიყვანეს, მე კი ჩემი მანქანიდან გადმოვედი და ხალხს მივმართე: „დამშვიდდით და მომისმინეთ. ფეხბურთი არ არის ომი. ფეხბურთი სპორტია და ჩვენც არ ვართ რობოტები. ჩვენც ადამიანები ვართ. დღეს არც ერთ თქვენგანს არ უნდოდა მოგება ჩვენზე მეტად, მაგრამ არ გამოვიდა. უნდა მოგვკლათ ამის გამო? პასუხად სიჩუმე მივიღე. შემდეგ მე მათ პირობა მივეცი, რომ შემდეგ მატჩს მოსკოვში „დინამოსთან“ მოვიგებდით და ჩვენ ეს გავაკეთეთ. როცა თბილისში დავბრუნდით, აეროპორტში ბევრი ის ადამიანი ვნახე, რომელსაც იმ დღეს ჩვენი მოკვლა უნდოდა” - ასე გაიხსენა დავით ყიფიანმა „ნეფტჩისთან“ მატჩი.

ამავე წელს დათომ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე მატჩი ჩაატარა, 1980 წელს კი ის აღარ გამოიძახეს. ამავე წელს თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა, დათო კი მეოთხედ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.

1981 წელს ყიფიანი საბჭოთა ნაკრებში კვლავ გაახსენდათ. მაშინ თბილისელები არაჩვეულებრივად თამაშობდნენ. იმ წელს „დინამომ“ „კალრ ცაისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, თასების თასის მფლობელი გახდა.

„სამშობლოში მხოლოდ 2 დღის შემდეგ დავბრუნდით, თუმცა ვიდეო ჩანაწერებში ვნახე, რა ხდებოდა ქუჩებში. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენმა უბედურმა ერმა ოდესმე კიდევ გამოცადოს ასეთი სიხარული“ - ასე იხსენებდა მოგვიანებით ამ ისტორიულ გამარჯვებას ყიფიანი.

1982 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარი 40-კაციანი სია გამოქვეყნდა, ყიფიანი მასში არ იყო. ამან ფეხბურთელზე საშინლად იმოქმედა, რამაც საბოლოოდ, ფეხბურთიდან წასვლისკენ უბიძგა.

ასე იხსენებდა დათო იმ პერიოდს:

„მე ძალიან განვიცდიდი, როცა კანდიდატების განაცხადშიც კი არ ჩამსვეს. 1981 წლის სექტემბერში ფეხი მოვიტეხე, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ ისე ვემზადებოდი, როგორც არასდროს. როდესაც 1982 წლის საბჭოთა ჩემპიონატი დაიწყო, ძალიან კარგ ფორმაში ჩავდექი და 2 მატჩიც კარგად ჩავატარე და ამ დროს მე 40-კაციან სიაშიც კი არ მოვხვდი. მე ვოცნებობდი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ისე, როგორც არც ერთზე. ეს დარტყმა იყო. მე წასვლა გადაწყვიტე. ეს მაისში იყო... იმავე წლის შემოდგომაზე მე ნიკიტა სიმონიანი შემხვდა მითხრა: „ეჰ, დათო, მერე მიხვდები, რომ შენ უნდა ითამაშო, სანამ ფეხები დაგემორჩილება“. მერე მისი სიტყვები ხშირად მახსენდებოდა, მაგრამ მაშინ ჯიუტი და შეუვალი ვიყავი. მით უმეტეს, კლუბში მითხრეს „კარგად დაფიქრდიო“ - ამ სიტყვების ტონმა შეურაცხმყო და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ უკან დასახევი გზა აღარ იყო“.

ყიფიანმა კარიერის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრებში 19 შეხვედრა გამართა და 7 გოლი გაიტანა. ასევე, ოლიმპიურ ნაკრებში 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი შეაგდო. თბილისის „დინამოს“ რიგებში კი 246 შეხვედრაში თავი 79 გოლით გამოიჩინა.

დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, 1983 წელს, დათო თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან ნოდარ ახალკაცი შეცვალა.

ბევრი გამოცდილი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ, გუნდში მხოლოდ 4 გამოცდილი მოთამაშე დარჩა - ჩივაძე, სულაქველიძე, შენგელია და გუცაევი.

ყოფიანს ახალ თანამდებობასთან შეჩვევა გაუჭირდა, რადგან ის ყველაფერს ფეხბურთელის თვალით აფასებდა. საბოლოოდ, მისი ხელმძღვანელობით „დინამოს“ დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია: 1984 წელს გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა, 1985 წელს მე-8, ხოლო 1986 წელს - მე-5 ადგილს დასჯერდა.

1986 წელს ყიფიანმა თანამდებობა დატოვა. ასევე გაშორდა პირველ ცოლს, რომელთან ერთადაც 10 წელზე მეტი იცხოვრა. ბევრმა ფიქრობდა, რომ ეს საქციელი არ შეეფერებოდა ისეთ ადამიანს, როგორიც დავით ყოფიანია და ამით კლუბს არცხვენდა.

„დინამოდან“ წასვლის შემდეგ, დათოს იურისტის დიპლომი პირველად გამოადგა - მეგობრების დახმარებით, მან პროკურატურაში დაიწყო მუშაობა და მალევე დააწინაურეს კიდეც. სწორედ მაშინ დაოჯახდა ის მეორედ.

1988 წელს, დათო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი მეორედ გახდა. ის მაშინ პროკურატურაში აღარ მუშაობდა. სწორედ მაშინ, ნოდარ ახალკაცსა და „დინამოს“ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა, „დინამო“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციებზე იყო.

სწორედ მაშინ გადაწყდა არჩევნების ჩატარება, რომელშიც დავით ყიფიანი და მურთაზ ხურცილავა მონაწილეობდა. საბოლოოდ, ყიფიანი აირჩიეს, რომელმაც ხურცილავა თანაშემწედ მიიწვია.

იმ წელს, „დინამო“ გავარდნას ძლივს გადაურჩა და ჩემპიონატში მე-14 ადგილი დაიკავა. შემდეგ წელს გუნდმა ცოტა უკეთესად იასპარეზა და მე-11 ადგილზე გავიდა.

ეს იყო თბილისელთა ბოლო სეზონი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. 1990 წელს, ქართველებმა უარი თქვეს ჩემპიონატზე და საკუთარი ჩემპიონატი დააარსეს.

1991 წელს, დათომ თანამდებობა დატოვა. მიზეზი ის გახდა, რომ ის ავარიაში მოჰყვა და თავის ტრავმა მიიღო. კიდევ 8 თვე ყიფიანი მშობლიური გუნდის მენეჯერი იყო, მთავარი მწვრთნელი კი რევაზ ძოძუაშვილი გახდა. 

1992 წლის დასაწყისში, „დინამომ“ შეკრება კვიპროსში გააკეთა და ყიფიანს ნიქოზიის „ოლიმპიაკოსმა“ მთავარი მწვრთნელობა შესთავაზა. დათო ამ წინადადებას დათანხმდა. მაშინ ჩემპიონატის დასრულებამდე 8 მატჩი იყო დარჩენილი და მან კლუბი უმაღლეს ლიგაში დატოვა.

მომდევნო სეზონში მან თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელები - ჭედია და კაჭარავა მიიწვია და მათთან ერთად, გუნდი კვიპროსის თასის ნახევარფინალში გავიდა.

1995/96 წლების სეზონის დაწყებამდე, დათო საქართველოში დაბრუნდა. მაშინ ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, თუმცა ის ამას არ შეუშინდა და თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი მესამედ გახდა.

1997 წელს ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მიიწვიეს, 1 წლის შემდეგ კი იაროსლავის „შინიკში“ გადავიდა, თუმცა იქ ცოტა ხანი იმუშავა.

1999-2001 წლებში, ყიფიანი ქუთაისის „ტორპედოს“ წვრთნიდა, ხოლო 2000 წლიდან - საქართველოს ნაკრებს. სწორედ ეს იყო მისი ბოლო სამუშაო ადგილი, რადგან ის მალევე ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა.

2001 წლის 17 სექტემბერს, ის ბათუმიდან თბილისში მანქანით ბრუნდებოდა და სოფელ ჩარდახთან ხეს შეასკდა. ლეგენდარული ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დათო რამდენიმე თვეში 50 წლის უნდა გამხდარიყო...

გაზიარება: