Football Insider: სიტი იანვარში რაღაც დიდს გეგმავს, მათ კვარა სჭირდებათ
Onefootball-ი Football Insider-ზე დაყრდნობით წერს, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სცადოს.
ჟურნალისტი პიტ ო’რურკი წერს, რომ „სიტი“ კვარაცხელიას უკვე დიდი ხანია აკვირდება და კლუბი ამჟამინდელი რთული სიტუაციიდან გამომდინარე შეტევის გასაძლიერებლად ემზადება.
„ქალაქელთა“ შემტევი ხაზი უკვე თითქმის 2 თვეა თავის თავს არ ჰგავს და სახიფათო მომენტებს ძველებურად ვეღარ ქმნის. „სიტის“ კრეატიულობა და აგრესია აკლია, განსაკუთრებით კი ეს მათ გარემარბებზე ითქმის - გრილიში, დოკუ და სავინიო ზედმეტად სწორხაზოვან ფეხბურთს თამაშობენ და მცველებისთვის მათი განეიტრალება პრობლემას აღარ წარმოადგენს. ინგლისელს საერთოდ 45 მატჩია გოლი არ გაუტანია.
„ეჭვგარეშეა, რომ მანჩესტერ სიტის შეტევაში უფრო მეტი ხარისხი სჭირდება. ამ სეზონში ჯერჯერობით ერლინგ ჰოლანდი იმ შედეგიანობით ვერ გამოირჩევა, როგორც ადრე, მაგრამ გაცილებით უარესი შედეგები მის გუნდელებს აქვთ. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც სავინიო, გრილიში და დოკუ არიან, შეტევაში საგოლე მომენტებსა და რაიმე სიახლეს ვერ ქმნიან. მათ გუნდს ვერაფერი შემატეს. გუარდიოლას გუნდი საფრთხეს ყველაზე ხშირად გარემარბების დახმარებით ქმნის. ასევე ჩავარდნა აქვთ ბერნარდუ სილვასა და ფილ ფოდენს, რომლებსაც ფლანგებზე გარემარბების შეცვლა შეუძლიათ, თუმცა ამჯერად ამას ვერ ახერხებენ.
ნათელია, რომ სიტის შეტევაში კიდევ ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი სჭირდება. შესაძლოა ეს მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახდეს, რომლის შეძენაც მარტივი არ იქნება. ნაპოლი ქართველის სანაცვლოდ დიდ თანხას მოითხოვს, რადგან ის გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წევრად რჩება. როგორც წესი, ნეაპოლელები სატრანსფერო ბაზარზე რთულად მოსალაპარაკებელ კლუბად ითვლება.
კვარაცხელია სიტის შემტევ პოტენციალს მაშინვე გააუმჯობესებს. ის სწრაფი და ტექნიკური გარემარბია, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია. ქართველს ასევე მოედნის კარგი ხედვა აქვს და საგოლე პასებითაც გამოირჩევა, რაც პეპის გუნდს სჭირდება.
სიტი იანვარში რაღაც დიდს გეგმავს. ხვიჩას ტრანსფერი ძვირი დაჯდება, მაგრამ გუნდის ბოლოდროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ ქართველის შეძენა სჭირდებათ. ახლა გასარკვევი ის რჩება, თუ რამდენად შეძლებს კლუბი ამ ტრანსფერზე მუშაობას ამჟამად. რამდენიმე კვირაში ეს შესაძლოა რეალური გახდეს“.
- წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაყიდვას 100 მილიონზე ნაკლებად არ გეგმავს. მამუკა ჯუღელს სურს, რომ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო იქნას მითითებული, რაზეც კლუბი დღემდე უარს აცხადებს.