PUBG-ის გამო ჩხუბი წააგო | ხაბიბის ბიძაშვილს ვიდეოთამაშების სიყვარული ძვირად დაუჯდა
დემეტრიუს ჯონსონი MMA-ის ლეგენდარული მებრძოლია და მან UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 11-ჯერ დაიცვა. „მაითი მაუსს“ Twitch-ის საკუთარი არხი აქვს და ცნობილი ვიდეოთამაშებით ხშირად ერთობა.
ჯონსონის ერთ-ერთი ფავორიტი ვიდეოთამაში PUBG: BATTLEGROUNDS-ი გახლავთ, რომელიც რამდენჯერმე აბუბაქარ ნურმაგომედოვთან ერთად ითამაშა. აბუბაქარი UFC-ის ყოფილი მებრძოლია და ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი გახლავთ.
რამდენიმე საათის წინ, ჯონსონმა Youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და „არწივის“ გუნდს ესტუმრა. ვიდეოში, დემეტრიუსი და ხაბიბი აბუბაქარზეც საუბრობენ და ნურმაგომედოვის თქმით, მისი ერთი მარცხი სწორედ ჯონსონის ბრალია.
„აბუბაქართან ერთად ბევრს თამაშობდი. სულ სათამაშოდ მიგყავდა და შენ გამო, ერთი ჩხუბი წააგო. ყველაფერი კარგად მახსოვს“, - ამბობს „არწივი“, რასაც „მაითი მაუსი“ ასე პასუხობს: „კარგი მსროლელი იყო, მაგრამ დიდი ხანია აღარ გვითამაშია“. „იმიტომ რომ, კომპიუტერი დავუმტვრიეთ. ვიცი, გგონია, რომ ვხუმრობთ, მაგრამ მართლა ასე იყო. კომპიუტერი დავუმტვრიეთ“, - ხსნის ყველაფერს „არწივი“.
ცნობისთვის, აბუბაქარმა ბოლო ბრძოლა 2023 წლის ივნისში გამართა და ელიზეუ ზალესკი დოს სანტოსთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო. ხაბიბს რაც შეეხება, ის აშშ-ში იმყოფება და American Kickboxing Academy-ში უმარ ნურმაგომედოვს მერაბ დვალიშვილთან ჩხუბისთვის, ხოლო ისლამ მახაჩევს არმან ცარუკიანთან დაპირისპირებისთვის მომზადებაში ეხმარება.