კალაიო: ნერეში ვინისიუსს ჰგავს, მაგრამ ის კვარას ალტერნატივა არ არის
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელე კალაიომ „უდინეზესა“ და „ნაპოლის“ თამაში შეაფასა.
Il Mattino-სთან ინტერვიუში მან დავიდ ნერეშის თამაშსა და ხვიჩა კვარაცხელიასთან პარალელზე ილაპარაკა.
რა თქვა კალაიომ:
„ბრაზილიელმა „უდინეზესთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან იცოდა, როდის ეთამაშა მარტივად და როდის აჩქარებულიყო. მან გულმოდგინედ ითამაშა, თუმცა მასში კვარას პირდაპირ ალტერნატივას ვერ ვხედავ“.
„კვარა განსაკუთრებული მოთამაშეა, აბსოლუტური ფასეულობებით. შესაძლოა ის წელს ცოტათი არასტაბილური იყო, მაგრამ კვლავინდებურად შეუცვლელია. ვფიქრობ, ის განიცდის წნეხს, რომ მუდმივად აიმაღლოს დონე და მოიგოს მატჩები, რასაც მიჰყავს იქამდე, რომ ზოგჯერ შეცდომებს უშვებს“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედანს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა.
ცნობილია, რომ ქართველი შემტევი მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს „ჯენოას“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს. 16 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, ლიდერ „ატალანტას“ კი 2 ქულით ჩამორჩება.