გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიონის პროტესტი | მიქაუტაძისთვის ყვითელი ბარათის გაუქმება უნდათ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდა. პარიზელებმა 3:1 იმარჯვეს და „ლიონის“ მხრიდან ერთადერთი გოლი ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზეა, რასაც ჯანლუიჯი დონარუმასთან შელაპარაკება მოჰყვა.

პსჟ-ს კარის დალაშქვრის შემდეგ, მიქაუტაძემ ბურთი აიღო და დონარუმას მისამართით გაიცინა, რაც იტალიელ მეკარეს არ მოეწონა და ფეხბურთელებს შელაპარაკება მოუვიდათ. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ბენუა ბასტიენმა მიქაუტაძესა და დონარუმას ყვითელი ბარათები უჩვენა.

L’Equipe-ის ინფორმაციით, „ლიონის“ ხელმძღვანელები თვლიან, რომ ქართველი ფორვარდი გაფრთხილებას არ იმსახურებდა. ფრანგულმა კლუბმა ტექნიკური მიმართულების საარბიტრაჟოს (DTA-ს, ორგანიზაცია, რომელიც მსაჯების დანიშვნაზე, მათ მიერ გაწეული მუშაობის შეფასებასა და არბიტრების მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებზეა პასუხისმგებელი) მიმართა და მიქაუტაძისთვის ყვითლის გაუქმება მოითხოვა.

„ლიონის“ წარმომადგენელთა აზრით, ინციდენტის ინიციატორი დონარუმა იყო და მიქაუტაძე არ უნდა გაეფრთხილებინათ. ამ მომენტისთვის, უცნობია ტექნიკური მიმართულების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას როდის მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ დაგროვებული 25 ქულით „ლიონი“ მეხუთე ადგილზეა. გიორგის ანგარიშზე კი, 4 გოლი და 1 საგოლე პასია. მიქაუტაძე და კომპანია მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს ნერეში უფრო პროდუქტიულია, ვიდრე კვარა“ - ლაციოს ყოფილი მეკარე
„დღეს ნერეში უფრო პროდუქტიულია, ვიდრე კვარა“ - ლაციოს ყოფილი მეკარე