„ისლამთან ბრძოლას მხოლოდ ასე დაიმსახურებს“ - ხაბიბმა თოფურიაზე ისაუბრა
ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჰენრი სეხუდოს პოდკასტში სტუმრობისას ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ჩემპიონი ამ ჩხუბის მიღებას ჯერჯერობით არ იმსახურებს.
რას ამბობს ხაბიბი:
„თუ მსუბუქ წონაში ავა და ისეთ მებრძოლს დაამარცხებს, როგორიც არის დასტინ პორიე, ან ჩარლს ოლივეირა, მაშინ ის ისლამის მომდევნო მეტოქე იქნება, იმიტომ რომ ახლა, სხვა რეალური კანდიდატი არც არის“.
ამ პასუხის საპირისპიროდ, ჰენრი სეხუდომ ხაბიბს უთხრა, რომ ილია უკვე იმსახურებდა მსუბუქ წონაში სატიტულო ბრძოლის მიღებას, რადგან მან ქვემსუბუქი წონის ისტორიაში ორი გამორჩეული მეტოქე დაამარცხა - ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი, ნურმაგომედოვმა კი სეხუდოს შენიშვნას ასეთი პასუხი გასცა:
„არა, არა... ისლამმა ქვემსუბუქ წონაში უკვე მისცა შანსი ალექსანდრ ვოლკანოვსკის, თანაც ორჯერ. ეს ბრძოლა UFC-საც აწყობდა და საბოლოოდ, შედგა კიდეც. პირველი ბრძოლა კარგი იყო, სანახაობრივი და გამარჯვებული მსაჯების გადაწყვეტილებით გამოვლინდა, მეორე ბრძოლა კი ისლამმა ბრწყინვალე ნოკაუტით მოიგო. მაგრამ ახლა რატომ უნდა მისცეს ისლამმა მესამე შანსი 145 წონის ჩემპიონს? რატომ? 155-ის დივიზიონისთვის ეს სამართლიანი არ იქნება“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ილია თოფურიამ და მისმა მწვრთნელებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში წონის შეცვლა და მსუბუქ წონაში გადასვლას გეგმავენ, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. თოფურიამ ასევე თქვა, რომ ის მსუბუქი წონის პირველ კანდიდატთან, ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბისთვის უკვე მზად არის. ასევე, ქართველი მებრძოლი ცდილობდა, რომ უახლოეს პერიოდში ორმაგი ჩემპიონობისთვისაც ებრძოლა, თუმცა ისლამ მახაჩევმა გამოწვევაზე უარი უთხრა.
შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, ისლამ მახაჩევი ქამარს არმან ცარუკიანის წინააღმდეგ დაიცავს. ამავე ქარდზე თავის ქამარს მერაბ დვალიშვილიც დაიცავს, რომლის მეტოქეც ისლამის თანაგუნდელი და ხაბიბის ბიძაშვილი, უმარ ნურმაგომედოვი იქნება.