„ბევრჯერ ვთხოვე აეხსნა, რა არ მოეწონა, მაგრამ...“ - უმარმა მერაბზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქემ, უმარ ნურმაგომედოვმა რუსულ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში მერაბთან ჩხუბსა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
უმარ ნურმაგომედოვი:
ვფიქრობ, არა მხოლოდ მე, არამედ არავის სჯეროდა, რომ ჩვენი ჩხუბი იანვარში ჩაინიშნებოდა. მერაბი გამუდმებით სხვა მეტოქეზე ლაპარაკობდა და ჩემზე არასდროს უსაუბრია. თავდაპირველად, UFC-იმ მკითხა, ვიქნებოდი თუ არა მზად დეკემბერში საბრძოლველად, შემდეგ კი იანვარზე მკითხეს და ამასაც დავთანხმდი. როდესაც გაირკვა, რომ მერაბს რამადანამდე ბრძოლა არ სურდა, მე სხვა ბრძოლა ვითხოვე. და ყველაზე მეტად მაშინ გამიკვირდა, როდესაც UFC-იმ დამირეკა და მითხრა, მსურდა თუ არა იანვარში მერაბის წინააღმდეგ ჩხუბი. მაშინ დავიწყე დაჯერება, რომ ეს ნამდვილად მოხდებოდა. იმედი მაქვს, ამ ბრძოლისგან არც ერთი ჩვენგანი არ ჩაიხსნება.
როგორ დაიწყო ჩვენი ჩხუბი პრესკონფერენციამდე? იქ უამრავი მედია არხი იყო და მას მივმართე. რატომღაც გაეღიმა და მაშინვე უპატივცემულობაზე დაიწყო საუბარი. მინდოდა გამეგო, როდის მივაყენე შეურაცხყოფა, რა დავუშავე და ა.შ. მაგრამ მას არაფრის მოსმენა და ახსნა არ სურდა და გამუდმებით ერთი და იმავეს იმეორებდა. კამათის შემდეგ გამოიწია, ვფიქრობ შოუს დადგმა უნდოდა, რადგან იქ გაძლიერებული უსაფრთხოება იყო და იცოდა, რომ არაფერი მოხდებოდა. შემდეგ მითხრა, რომ დამირეკავდა, მაგრამ მისგან ზარი ამ დრომდე არ შემომსვლია. ჩემი ნომრის გაგება ორ წამში შეუძლია, ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, უბრალოდ, მთავარია სურვილი.
ახლა ლას ვეგასში ვარ და მასთან შეხვედრა სრულიად შესაძლებელია, პრობლემა არ არის. იმედი მაქვს, რომ შევხვდებით. მაგრამ იცით რა ხდება? ის საერთოდ არ მაინტერესებს. რაც უნდა ის აკეთოს... განიხილოს თავისი პიროვნება, ისაუბროს მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე, მის ქვეყანაზე, ერზე... ეს ნამდვილად არ მაინტერესებს. მე მხოლოდ მისი ქამარი მინდა, მას აუცილებლად წავართმევ და ცხოვრებას გავაგრძელებ. თუ მას აქვს რაიმე სათქმელი, მოვიდეს და მითხრას, თუ რამის გარკვევა უნდა, მოვიდეს და გაარკვიოს, ნებისმიერი საუბრისთვის გახსნილი ვიქნები.
რატომ გაბრაზდა პრესკონფერენციაზე? ეს არ მაინტერესებს, თითოეული ადამიანი იმას იზიარებს, რაც ხელთ აქვს. მისი ქცევა მისივე შინაგანი ენა და მოქმედებები განაპირობებს, ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებ. მხოლოდ ჩხუბზე ვფიქრობ, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი ბრძოლა იქნება. უბრალოდ გავალ და გავანადგურებ, ქამარს ავიღებ და რვაკუთხედის გარეთ რაიმე დამატებითი კითხვა ექნება, მოვიდეს და ვისაუბროთ. მეტი რისი გაკეთება შემიძლია?
არის თუ არა შენი და მერაბის დაპირისპირება კონორისა და ხაბიბის ჩხუბის წინ მომხდარის მსგავსი?
არა, იმ დონის ნამდვილად არ არის. როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ ტორტის ნაჭერია. რაზეც ის საუბრობს, ეს მდგომარეობა ნამდვილად არ არსებობს. ის უპატივცემულობაზე საუბრობს, მაგრამ მე ვკითხე ქართველ მებრძოლებს, სად გავაკეთე ეს? რომელიმე განცხადებაში გამოვავლინე უპატივცემულობა მისი, ან ქვეყნის მიმართ? არც ერთ მათგან არ უთქვამს, რომ შეურაცხმყოფლად ვლაპარაკობდი. რაც დავწერე, ვიგულისხმე, რომ ქართველები ძლიერი ერია და ამით უნდა იამაყონ და ამის გათვალისწინებით, სიმხდალე კარგად არ ჩანს. ამას ამ კუთხით უნდა შევხედოთ. ვცადე გამეგო, მივაყენე შეურაცხყოფა თუ არა ქართველებს, მაგრამ ეს ვერ ვიპოვე.
რა თქმა უნდა, საქართველოსთან დადებითი ასოციაციები მაქვს. დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ტურისტად ჩასვლა, ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ძალიან მინდოდა ამ ქვეყნის დათვალიერება. ქართველებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ბევრ ქართველთან ვმეგობრობ კიდეც, არიან ბიჭები, რომლებსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ. პირიქით, მოხარული ვიქნები, თუ რომელიმე მათგანი მეტყვის, რომ ამ საკითხში არასწორი ვიყავი, მაგრამ ამ ბიჭებისგან არავის უთქვამს, რომ რამე შემეშალა და სადმე გადავკვეთე თუ არა ერის და ქვეყნის უპატივცემულობის ზღვარი.
მაგრამ მისი მაინც კარგად მესმის. ჩემთან ჩხუბი არ უნდოდა და იძულებული გახდა, რომ ეჩხუბა. სწორედ ამის გამო ნერვიულობს. ალბათ, ქამრის რამდენჯერმე დაცვაზე ფიქრობდა და ესმის, რომ ახლა ყველაფერი აერია და ჩემთან ბრძოლა მარტივი არ იქნება. თავისთვის რაღაც მიზეზი უნდა გამონახოს, რომ გამწარდეს და ცუდ ადამიანად წარმომაჩინოს, ამის გამო ლაპარაკობს ის უპატივცემულობაზე. მაგრამ ეს საერთოდ არ მაინტერესებს... ცხოვრებაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავს, ზოგიც კი პირიქით. ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი ოჯახი, მეგობრები არიან, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით დგანან. არიან ადამიანები, რომლებთანაც მჭიდროდ ვარ დაკავშირებული. ეს ხალხი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. მერაბის აზრი კი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, არ მაინტერესებს მცემს თუ არა პატივს, ეს ყველაფერი არ მაინტერესებს! ეს მისი პირადი პრობლემებია.
ბევრჯერ ვთხოვე აეხსნა, რა არ მოსწონდა. ის რომ ვთქვი, ჩხუბს რომ თავს არიდებდა? დიახ, ეს ნამდვილად ასე იყო. ეს მარტო მე ვნახე? ამას ბევრი იტყვის. თვითონვე ამბობდა, რომ მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით უმარ ნურმაგომედოვი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ სხვა რაღაცების ლაპარაკი დაიწყო.
როდესაც ჩვენს შორის ინციდენტი მოხდა, რაღაცები მომაძახა, მაგრამ ამას პირისპირ ვერ მეტყვის. მაშინ იცოდა, რომ იქ გაძლიერებული უსაფრთხოება იყო და ერთმანეთს ხელით ვერ შევეხებოდით. ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია. ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია. ქალებიც ასე იქცევიან. ქალიც შეურაცხყოფას აყენებს, მაგრამ იცის, რომ ჩხუბი არ შეიძლება და სისუსტის პოზიციიდან მოქმედებს.
აქვთ თუ არა მერაბს და ხაბიბს მსგავსი სტილი? არა, ისინი ერთმანეთთან ახლოსაც არ არიან. მერაბი არის ადამიანი, რომელიც შემთხვევით ურტყამს და იგებს იმის გამო, რომ მისმა კონკურენტებმა არ იციან როგორ დაიცვან თავი. სად არის მისი კონტროლი? სად აქვს მერაბს კონტროლი? ხაბიბი სრულყოფილი მებრძოლი იყო. ნახეთ მისი უახლოესი ბრძოლები, რომელიც მოწინააღმდეგეებს მძიმე დარტყმას ფეხზე მდგომშიც აყენებდა და შემდეგ მათ მიწაზე ანადგურებდა. ეს მერაბისგან როდის ნახეთ? მას მაქსიმუმ ფეხში შესვლა შეუძლია, შემდეგ დაჭერა და გალიასთან დარტყმები, მაგრამ როდესაც ადამიანი ფეხზე დგება, ყველაფრის თავიდან გაკეთება უწევს. გახსოვთ მისი მორაესთან ჩხუბი? ხაბიბი არასდროს ყოფილა ისეთ პოზიციაში, როგორშიც მერაბი იყო. მორაესმა ის კინაღამ მოკლა, თანაც პირველ რაუნდში. როდის იყო ხაბიბი ასეთ სიტუაციაში? არასდროს... ამის გამო, მერაბი ხაბიბთან ახლოსაც ვერ მივა.
რას ამბობს თავად ხაბიბი მერაბზე? პიროვნულად მას არასდროს განვიხილავთ.
რაც შეეხება როგორც მებრძოლს, ვიცით, რომ კარგად სუნთქავს და ბოლომდე იბრძვის. მას აქვს ხასიათი, რომლის უარყოფაც შეუძლებელია. როგორც მებრძოლი, ის როდესაც გალიაშია, ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის, ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვს MMA-ში 18 ბრძოლა აქვს გამართული და 18-ვეში გამარჯვება მოიპოვა, მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე კი 22 ბრძოლიდან 18 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.
ქართველი და რუსი მებრძოლების საჩემპიონო ჩხუბი 2025 წლის 19 იანვარს UFC 311-ზე გაიმართება.