„დღეს ნერეში უფრო პროდუქტიულია, ვიდრე კვარა“ - ლაციოს ყოფილი მეკარე
ლაციოსა და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ლუკა მარჩეგიანიმ Sky Sports-ის ეთერში უდინეზესთან მატჩში დავიდ ნერეშის თამაშზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრაზილიელი შემტევი დღეისთვის ხვიჩაზე პროდუქტიულია.
რას ამბობს მარჩეგიანი:
„დღეისთვის, ნერეში ნაპოლის კვარაცხელიაზე მეტს აძლევს. მას მკვეთრი დრიბლინგი აქვს, რომელიც წელს კვარას ნამდვილად აკლია. ვფიქრობ, მას გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედანს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. ცნობილია, რომ ქართველი შემტევი მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს „ჯენოას“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს.
16 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, ლიდერ „ატალანტას“ კი 2 ქულით ჩამორჩება.