კარგი ამბავი ვალენსიადან - მამარდამ ვარჯიში განაახლა
საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოედანს შესაძლოა, ვადაზე ადრე დაუბრუნდეს.
დღეს, „ღამურებმა“ საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში ჩაატარეს, რომელშიც გიორგი მამარდაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. კლუბის მიერ გავრცელებული ფოტოებით ჩანს, რომ ქართველმა მეკარემ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრავმა მოირჩინა და აღდგენითი პროცესიც დაიწყო.
მამარდაშვილმა ტრავმა ლა ლიგის მე-16 ტურში, „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ მიიღო, სადაც მისი გუნდი 1:0 დამარცხდა. ქართველმა მეკარემ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მას მარჯვენა ბარძაყის სწორი კუნთის დაჭიმულობა ჰქონდა, რის გამოც 2024 წელს ვეღარ ითამაშებდა.
გიორგი მამარდაშვილმა უკვე გამოტოვა ლა ლიგის გასული ტურის მატჩი, რომელშიც მისი გუნდი სტუმრად „ვალიადოლიდთან“ 1:0 დამარცხდა, დეკემბერში კი „ვალენსია“ კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს - 19 დეკემბერს სტუმრად „ესპანიოლთან“ და 22 დეკემბერს საკუთარ კედლებში „ალავესთან“. ამის შემდეგ გუნდი საშობაო შესვენებაზე გავა და 2025 წელს პირველ შეხვედრას 3 იანვარს, საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს.