„ნერეში ძალიან კარგი იყო, ამიტომ ხვიჩას ორმაგად შრომა მოუწევს“ - იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
„ინტერის“, „ფიორენტინასა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს „უდინეზესა“ და „ნაპოლის“ თამაში შეაფასა და დავიდ ნერეშზეც ისაუბრა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას მაგივრად მოგვევლინა.
ადანიმ ბრაზილიელი შემტევი შეაქო და განაცხადა, რომ ნერეშმა კვარაცხელია ღირსეულად შეცვალა.
რას ამბობს ადანი:
„უდინეზეს“ წინააღმდეგ ნერეშმა ბევრი რამ გააკეთა და თითქმის ყველაფერი კარგად და ლამაზად შეასრულა. მას შეეძლო უფრო უკეთესი შედეგიც ჰქონოდა, თუ პირველ წუთებზე მიღებულ შანსს გამოიყენებდა, მაგრამ ამის შემდეგაც ძალიან კარგად ითამაშა თუნდაც ერთი-ერთზე და სისწრაფის წყალობით დიდ უპირატესობას ქმნიდა. კარისკენაც სახიფათოდ მიდიოდა და კარგ დრიბლინგებს გვთავაზობდა. ის კვარაცხელიას კარგი შემცვლელია და მეტოქე გუნდისთვის ცუდ ამინდს ქმნის“.
„ნერეშს იტალიაში დასამკვიდრებლად და კონტესთან შესათამაშებლად დრო სჭირდებოდა. ანტონიო თავის გარემარბებს დაცვაში დახმარებასაც სთხოვს და ნერეშს სწორედ ამ კომპონენტის დახვეწა სჭირდებოდა. კონტეს 4-3-3-ში მორგებისთვის ტაქტიკური მოქნილობა და თავგანწირვაა საჭირო და სწორედ ამის გამო გახდა მარჯვენა ფლანგზე პოლიტანო ხელშეუხებელი. მარცხნივ კი კვარაცხელია ამ დრომდე ცდილობს, რომ ახალ მითითებებს მოერგოს და გარკვეულ მატჩებში ეს დავალება ჩაუვარდა, მას ჰქონდა როგორც აღმავლობა, ისე ვარდნაც. გასახდელში კონკურენცია იზრდება და ქართველ შემტევს ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ორმაგად შრომა მოუწევს, რათა სასტარტოში ადგილი დაიბრუნოს. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ნერეშმა კონტეს იმედები კარგად გაამართლა და ახლა გაათმაგებული ენთუზიაზმი ექნება“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედანს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. ცნობილია, რომ ქართველი შემტევი მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს „ჯენოას“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს.
16 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, ლიდერ „ატალანტას“ კი 2 ქულით ჩამორჩება.