„ნერეშის წყალობით კვარა არ მოგვნატრებია“ | იტალიური პრესა ნაპოლიზე
იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „უდინეზეს“ დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო და მის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში დავიდ ნერეში გამოჩნდა, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იტალიური გამოცემებისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.
La Gazzetta dello Sport: „რჩება შთაბეჭდილება, რომ ნაპოლის შვიდი ნომერი ბედისწერის ნიშანია. ეზეკიელ ლავეციმ სწორედ ეს ნომერი აირჩია, როცა ნეაპოლში გადმოვიდა და სერია A-ს მოჯადოება სწორედ უდინეზესთან დაიწყო. წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ დავიდ ნერეში ნაპოლიზე გავლენას მოახდენდა. კვარა და პოლიტანო ხელშეუხებელი აღარ არიან“.
Il Mattino: „დავიდ ნერეშის წყალობით, კვარა არ მოგვნატრებია. უდინეზესთან გამარჯვებით, ნაპოლიმ ლამაზი ფეხბურთი დაიბრუნა“.
Corriere del Mezzogiorno: „დავიდ ნერეშმა ნაპოლის მაისურით ყოველთვის უნდა ითამაშოს. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მოსაწყენი მომენტი არ ჰქონია. მან ნაპოლის კვარაცხელიაზე რაღაც მეტი მისცა“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.