ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის | ბუდუს აღიარება გერმანიაში
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-16 ტურში, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „რეგენსბურგს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 4:2 იმარჯვა, ბუდუმ კი დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
ზივზივაძის წარმატებული ასპარეზობა უყურადღებოდ არ დარჩენილა და Kicker-მა ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მიმდინარე სეზონში, ბუდუ Kicker-ის რჩეულთა შორის მესამედ მოხვდა და „კარლსრუემ“ მას დამსახურებული ნომინაცია მიულოცა.
ქართველ თავდამსხმელს ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების შანსიც აქვს. ბუნდესლიგა 2-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს და ზივზივაძის გარდა, პრიზის დასაკუთრების შანსი ტორგე პაეტოვს, ფლორიან კასტენმაიერს, კილიან კორედორს, დემიონ დაუნსსა და ფისნიკ ასლანის აქვთ.
ცნობისთვის, 16 ტურის შემდეგ, „კარლსრუეს“ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. ზივზივაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს, „პადერბორნის“ წინააღმდეგ გამართავს.