მიქაუტაძის გოლი პსჟ-სთან და ჩხუბი დონარუმასთან - ლიონი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ლიგა 1-ის მე-15 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად ლიგა 1-ის ლიდერს და საფრანგეთის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს, პსჟ-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 65 წუთი გაატარა. ქართველი შემტევი სასტარტოში ალექსანდრ ლაკაზეტის მაგივრად მოგვევლინა და პიერ საჟის ნდობა გაამართა. მე-40 წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, გიორგი მიქაუტაძემ ჯანლუიჯი დონარუმას კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. გოლის ეპიზოდში მიქაუტაძეს დონარუმასთან მცირე ინციდენტიც მოუვიდა, რის გამოც ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
იმის გათვალისწინებით, რომ „ლიონს“ ბურთი იშვიათად ჰქონდა, მიქაუტაძე აქტიურობას მაინც ცდილობდა და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც ჰქონდა. საბოლოოდ, პიერ საჟმა ქართველი შემტევი 66-ე წუთზე, ალექსანდრ ლაკაზეტით შეცვალა.
რაც შეეხება პსჟ-ს გოლებს, „ლიონის“ კარში გოლები უსმან დემბელემ, ვიტინიამ და გონსალუ რამუშმა გაიტანეს.
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით მე-15 მატჩი ჩაატარა და მე-4 გოლი გაიტანა, ამასთან, მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაცაა. ქართველმა შემტევმა 2 გატანილი გოლით ევროპა ლიგაზეც შეძლო თავის გამოჩენა.
15 ტურის შემდეგ „ლიონი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, პსჟ კი კვლავ დაუმარცხებელია და 37 ქულით პირველ ადგილს იკავებს.
„ლიონი“ ლიგა 1-ში მომდევნო შეხვედრას 5 იანვარს, საკუთარ მოედანზე „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავს, წლის ბოლო მატჩს კი 21 დეკემბერს, საფრანგეთის თასზე ჩაატარებს.