Fergie Time-ში მოვიგეთ - ამორიმი სერ ალექსს შეუერთდა
„მანჩესტერ სიტი“ კატასტროფულ მდგომარეობაშია - „ქალაქელებმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში გამართული ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და ლიდერ „ლივერპულს“, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს გამართული, 9 ქულით ჩამორჩებიან. ამჯერად „სიტიმ“ „ეტიჰად სთედიუმზე“ „იუნაიტედთან“ (1:2) მანჩესტერული დერბი დათმო და მსგავსი რანგის თამაშების შემდეგ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის კომენტარი ყოველთვის საინტერესოა.
რუბენ ამორიმი
წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, სიმბოლური კი ის გახლავთ, რომ გამარჯვების გოლი „ფერგი თაიმში“ გავიტანეთ. ეს მოგება სჭირდებოდა როგორც კლუბს, ასევე ჩვენ გულშემატკივრებს. იდეალური ფეხბურთის ჩვენებისგან ბევრი გვიკლია, მაგრამ დღეს ჩვენ სამი ქულა დავიმსახურეთ.
პეპ გუარდიოლა
არ ვარ საკმარისად კარგი, რადგან მთავარმა მწვრთნელმა შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი უნდა იპოვოს, რის გაკეთებასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. საკუთარ საჯარიმოში მცველებმა უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ითამაშონ და ამას როცა ვამბობ, მხოლოდ მატეუსს არ ვგულისხმობ, რომელმაც მისთვის უცხო პოზიციაზე ნორმალურად იასპარეზა. უკვე რვა მატჩი წავაგეთ წელს, ანუ იმდენი, რამდენიც წინა ორი სეზონი არ წაგვიგია.
ამორიმმა „ფერგი თაიმი“ ახსენა და გეტყვით, რომ „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველივე მანჩესტერული დერბი აქამდე მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონს ჰქონდა მოგებული და პორტუგალიელმა მისი მიღწევა გაიმეორა. უშუალოდ პეპ გუარდიოლას კი ამორიმმა ბოლო ორ თვეში მეორედ აჯობა - 5 ნოემბერს, მისმა მომზადებულმა „სპორტინგმა“ „მანჩესტერ სიტი“ (4:1) გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა.