ქამბექი ორ წუთში - მანჩესტერული დერბი იუნაიტედმა ბოლო წუთებზე მოიგო
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
მანჩესტერ სიტი თავდაპირველად 35-ე წუთზე, იოშკო გვარდიოლის გოლით დაწინაურდა და 88-ე წუთამდე იგებდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პეპის გუნდმა ფაქტობრივად მოგებული შეხვედრა წააგო. რუბენ ამორიმის ფეხბურთელებმა 88-ე და 90-ე წუთებზე მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს და მანჩესტერული დერბიც მოიგეს. წონასწორობა ჯერ ბრუნო ფერნანდეშმა თერთმეტმეტრიანით აღადგინა, ზუსტად 2 წუთში კი დიალომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
შესაბამისად, პეპ გუარდიოლას გუნდის კრიზისი გრძელდება. „მანჩესტერ სიტის“ ბოლო 10 მატჩში 7 წაგება, 2 ფრე და 1 მოგება დაუგროვდა. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში კი 27 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ლივერპულს“ 9 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, რუბენ ამორიმმა „წითელ ეშმაკებში“ დანიშვნის შემდეგ მესამე მატჩი მოიგო - 2 პრემიერ ლიგაში, 1 კი ევროპა ლიგაზე. მისი გუნდი 16 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.