ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დალ’ოლიო გაუშვეს - ზურიკოს ახალი მწვრთნელი ეყოლება

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ოლივიე დალ’ოლიო არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მათივე ცნობით, დალ’ოლიოს ადგილს დროებით ამავე კლუბის მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლორან ჰარდი დაიკავებს, რომელიც დროებით მწვრთნელად „სენტ-ეტიენში“ 2021 და 2022 წლებშიც მუშაობდა.

ამასთან, ფრანგული მედია წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელები აქტიურ რეჟიმში აწარმოებენ მოლაპარაკებას რამდენიმე კანდიდატთან, მთავარ ვარიანტად კი ჰაბიბ ბაიე სახელდება, რომელიც წარსულში „პარიზის“ მწვრთნელი იყო და ამ დროისთვის უმუშევარია.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დავითაშვილს „სენტ-ეტიენის“ მაისურით 15 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. 

15 მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 13 ქულა აქვს და ამ დროისთვის ზურიკოს გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ზურიკოს გუნდი 22 დეკემბერს საფრანგეთის თასზე, შინ, „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები