უოტფორდმა ვესტ ბრომვიჩს მოუგო - ჩაკვეს მაგარი მატჩი ჰქონდა
ინგლისის ჩემპიონშიფის 21-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ვესტ ბრომვიჩს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ქართველი შემტევი „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. გიორგი ჩაკვეტაძეს თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჰქონდა. ჩაკვე მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და ჩვეულ რეიდებს გვთავაზობდა, რის გამოც ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ქართველ შემტევს თავისი როლი „უოტფორდის“ პირველ გოლშიც მიუძღვის, როდესაც მეტოქე ჯერ ეფექტური მოძრაობით ჩამოიტოვა, შემდეგ კი პრეასისტი გააკეთა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ტომ ქლევერლის გუნდმა ანგარიში 35-ე წუთზე ბაიოს გოლით გახსნა, 50-ე წუთზე კი კოტ დიუვარელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და „უოტფორდის“ უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა. 67-ე წუთზე „ვესტ ბროვმიჩმა“ მოლუმბის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა, მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
21 ტურის შემდეგ, „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, თუმცა კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მომდევნო ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „ბარნლის“ დაუპირისპირდება. მატჩი 21 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.