ფეხბურთისგან შორს არის - დაძაბულობა პსჟ-ლიონის წინ
საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დღეს, „პარკ დე პრენსზე“ „პარი სენ-ჟერმენი“ „ლიონს“ უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში გიორგი მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები დედაქალაქურ კლუბთან ქულათა სხვაობას ექვსამდე შეამცირებენ.
სატურნირო მოტივაციის გარდა, ამ გუნდების დაპირისპირებას პრინციპული მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა. ცეცხლზე ნავთი კი, კლუბის მფლობელების, ნასერ ელ-ხელაიფისა და ჯონ ტექსტორის ივლისში არსებული მიმოწერის გასაჯაროებამ დაასხა. მათ კამათი სატელევიზიო ტრანსლაციებიდან შემოსავლების პროპორციულ გაყოფაზე მოუვიდათ.
ნასერ ელ-ხელაიფი
ძვირფასო ჯონ, მინდა იცოდე, რომ შენს მიერ შეხვედრაზე გამოგზავნილი ადამიანი, რომელიც ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე გყავს დასაქმებული, ფეხბურთისგან ძალიან შორს არის.
ჯონ ტექსტორი
რისთვის დამიკავშირდი? ჩემი მოსაზრება გაინტერესებს, თუ იმის იმედი გაქვს, რომ შენს გასაგონად საკუთარ თანამშრომელს შეურაცხყოფას მივაყენებ?
ნასერ ელ-ხელაიფი
ისწავლეთ წესები და პრესის წარმომადგენლების ჩარევის გარეშე მესაუბრეთ. კარგ დღეს გისურვებთ, მეტად თქვენთან კომუნიკაციას აღარ ვაპირებ.
ჯონ ტექსტორი
მუდამ გგონია, რომ ვიღაც რაღაცას გიწყობს, სინამდვილეში კი არავისთვის ხარ საინტერესო - უბრალოდ განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი ხარ.
ნასერ ელ-ხელაიფი
შენთან საუბრით დროს ტყუილად ვკარგავ. ერთი რამ დაიმახსოვრე - ასეთი მიდგომით სადაც არ უნდა წახვიდე, მუდამ დამარცხებული დარჩები.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ლიონს“ შორის აქამდე გამართული 76 თამაშიდან 36-ში „სენ-ჟერმენმა“ გაიმარჯვა, 14 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა, ხოლო „ოლიმპიკის“ ანგარიშზე 24 მოგებაა.