ოფიციალურად - UFCSaudiArabia-ზე ადესანია იმავოვს ეჩხუბება
UFC-იმ 1 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დაგეგმილი Fight Night-ის ღონისძიების მთავარი მოვლენა საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, ისრაელ ადესანიას და ამავე წონის რეიტინგის მე-5 ნომრის, ნასურდინ იმავოვის ბრძოლა იქნება.
35 წლის ადესანია (24-4) ოქტაგონში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დაბრუნდება. მან ქამარი 2023 წლის სექტემბერში შონ სტრიკლენდთან ჩხუბში დათმო, მიმდინარე წლის აგვისტოში კი მოქმედ ჩემპიონ დრიკუს დუ პლესისთან დამარცხდა.
რაც შეეხება იმავოვს (15-4), მის ანგარიშზე ზედიზედ სამი მოგებაა - რომან დოლიძესთან, ჯარედ კანონიერთან და ბრენდან ალენთან. 29 წლის იმავოვი ადესანიასთან დამარცხების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლას დაუახლოვდება, მაშინ როდესაც მოქმედი ჩემპიონი დუ პლესი 9 თებერვალს სტრიკლენდს ეჩხუბება.
საუდის არაბეთში გასამართი ღონისძიების კიდევ ერთი მთავარი მოვლენა დაუმარცხებელი შარაბუტდინ მაგომედოვისა (15-0) და ბრიტანელი მაიკლ პეიჯის (22-3) ჩხუბი იქნება.
30 წლის მაგომედოვმა ბოლო ჩხუბში ორი თვის წინ არმენ პეტროსიანი დაანოკაუტა და ამჟამად საშუალო წონითი კატეგორიის რეიტინგის მე-14 ადგილზეა. რაც შეეხება პეიჯს, ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონიდან ამოდის - ბოლოს 37 წლის პეიჯმა ივნისში იან მაჩადო გარისთან იჩხუბა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.