ფლიკმა დაადასტურა - არაუხო დაბრუნდა და ლეგანესთან ითამაშებს
რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გვამცნო, რომ რონალდ არაუხო დაბრუნდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
დღეს კი ლეგანესთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰანსი ფლიკმა დაადასტურა, რომ ურუგვაელი უკანახაზელი სათამაშო წუთებს მიიღებს.
რა თქვა ფლიკმა?
„ჩვენი გეგმა ის არის, რომ მან სათამაშო წუთები მიიღოს. ვერ ვიტყვი, დაიწყებს, თუ არა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ის მოედანზე აუცილებლად გამოჩნდება. არ ვიცი რამდენ წუთს მივცემ, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ არაუხო სათამაშოდ მზად არის.“
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიმდინარე წლის 15 ივლისს მიიღო, რის გამოც 146 დღე და 22 მატჩი გამოტოვა.
რაც შეეხება ბარსელონას, ჰანსი ფლიკის გუნდმა ლა ლიგაში სოლიდური უპირატესობა გაანიავა. ბლაუგრანა რეალს 6 ქულით უსწრებდა და ახლა ლა ლიგის ლიდერი პოტენციურად სამეფო კლუბი გახლავთ.
გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულაა, თუმცა ბლანკოსს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ვალენსიასთან გადადებული თამაშის მოგების შემთხვევაში რეალი ბარსას 1 ქულით გაასწრებს.