„ყველასათვის ერთნაირ მიდგომას ვითხოვ“ - ფლიკი დისკვალიფიკაციაზე
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მისთვის გამოტანილ ორმატჩიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსაჯების მხრიდან ყველას მიმართ ერთნაირი მიდგომა უნდა იყოს.
ჰანსი ფლიკი:
„ვფიქრობ, ეს ჩემი მხრიდან ცუდი რეაქცია იყო. ყველაფერი გასაგებია. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ არავინ ისაუბროს მსაჯებზე. არ მსურს, რომ ჩვენ ენერგია დავხარჯოთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია. როდესაც მსაჯმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, ამას უკვე ვერ შეცვლი, თუ საქმეში ვიდეორეფერი არ ჩაერთო.
უნდა შევეგუო წითელ ბარათს და დისკვალიფიკაციას. შესაძლოა, საკუთარ ქცევაზე მეტად უნდა ვიმუშაო. უბრალოდ ვითხოვ, რომ ყველასათვის ერთნაირი კრიტერიუმები იყოს. ზუსტად ამას ვეუბნები ფეხბურთელებს - უნდა შევეგუოთ მსაჯის გადაწყვეტილებებს და უკეთ ვითამაშოთ.
ჩვენი ქცევა მოედანზე შარშანდელთან შედარებით შეცვლილია - ასეთია ჩვენი ფილოსოფია. ყურადღებას იმას ვაქცევთ, რისი შეცვლაც ჩვენ თვითონ შეგვიძლია. მსაჯები ადამიანები არიან და ისინიც ცდებიან, ამიტომ მათაც შეუძლიათ, უკეთ იმუშაონ“.
შეგახსენებთ, რომ მსაჯმა ჰანსი ფლიკი მოედნიდან „ბეტისთან“ მატჩში გააძევა. ფლიკს მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანეს, რომელიც „ბარსელონამ“ გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, ფლიკის გარეშე „ბარსა“ ორ საშინაო მატჩს გამართავს - „ლეგანესისა“ და „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.