კვარამ შესაძლოა 2024-ში ითამაშოს - მკურნალობის დეტალები
„ნაპოლი“ – „ლაციოს“ მატჩის დროს მიღებული მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელია „პარტენოპეის“ დღეს სტუმრად „უდინეზესთან“ გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. არამარტო დღეს, ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ 23 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი მიმდინარე თვეში თამაშს ვეღარ შეძლებდა და მოედანს მხოლოდ 2025 წლიდან დაუბრუნდებოდა.
თუმცა, როგორც „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბი იუწყება, მკურნალობის პროცესი იმაზე უფრო კარგად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შეფერხება არ მოხდა, კვარა გუნდს მომდევნო შაბათს ლიგურიაში გაჰყვება და შესაძლოა ანტონიო კონტემ „ჯენოასთან“ რამდენიმე წუთით ასპარეზობის საშუალება მისცეს. ვარაუდობენ, რომ ნეაპოლური კლუბის დამრიგებელი მედიკოსებს უახლოეს დღეებში შეხვდება და მათი რეკომენდაციების საფუძველზე გადაწყვეტს, რამდენად შესაძლებელი იქნება ხვიჩას დატვირთვა მომდევნო ტურში.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე 5 გოლი და 3 საგოლე პასია. დღეს უდინეში სტუმრობის შემდეგ, „ნაპოლი“ 2024 წელს კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს და 21 დეკემბერს გენუაში სტუმრობის შემდეგ, 29-ში „სტადიო მარადონაზე“ „ვენეციას“ უმასპინძლებს.