სენტ-ეტიენმა ისევ წააგო - ზურიკოს შეტევაში სიმწვავე აკლდა
ლიგა 1-ის მე-15 ტურში „სენტ-ეტიენი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი იცავს, „ტულუზას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი გუნდებმა გოლები ორწუთიან მონაკვეთში გაცვალეს. 53-ე წუთზე „მწვანეები“ ლუკა სტასენმა დააწინაურა, 55-ე წუთზე კი გაბრიელ სუაზოს პასის შემდეგ შავი ბაბიკამ წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე გავიდა - „ტულუზას“ სწრაფი კონტრშეტევა გოლით ზაქარია აბუხლალმა დაასრულა.
რაც შეეხება დავითაშვილს, ოლივიე დალ’ოლიომ ის ძირითადში ათამაშა და 76-ე წუთზე შეცვალა. ქართველ გარემარბს შეტევაში სიმწვავე აკლდა, მან მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა.
ზურიკომ Sofascore-ისგან 6,5-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: დრიბლინგის 2 წარმატებული მცდელობა (4-დან), ბურთთან 48 შეხება, 31-დან 29 ზუსტად შესრულებული პასი (94%), კარისკენ 1 დარტყმა, 1 ჩაჭრა, 8-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა და 11 დაკარგული ბურთი. დავითაშვილმა ორჯერ დაარღვია წესები და ყვითელი ბარათიც მიიღო.
ზურიკოს გამორჩეული მომენტები:
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დავითაშვილს „სენტ-ეტიენის“ მაისურით 15 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
15 მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 13 ქულა აქვს და ამ დროისთვის ზურიკოს გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს ზურიკოს გუნდი 22 დეკემბერს თასზე, შინ, „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს.