შეხვედრა ქოჩორასთან და მარცხი ვალენსიასთან - შერმადინის 13 ქულა
ვალენსიაში ადგილობრივ კლუბთან სათამაშოდ ჩასული „ლაგუნა ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი მატჩის დაწყებამდე „ლევანტეს“ ნახევარმცველს გიორგი ქოჩორაშვილს შეხვდა, ქართველმა ლეგიონერებმა მაისურები გაცვალეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ლიგა ენდესას მეექვსე ტურის გადადებული მატჩი კი „ვალენსიას“ აშკარა უპირატესობით წარიმართა, რომელმაც საბოლოო ჯამში კუნძულელები 15-ქულიანი სხვაობით, 96:81 დაამარცხა.
შერმადინმა პარკეტზე გატარებულ 21 წუთში 13 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. მან როგორც საშუალო დისტანციიდან (ოთხიდან ოთხი), ასევე საჯარიმოს ხაზიდან (ხუთიდან ხუთი) ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა, ორივე შემთხვევაში ბურთი დაცვაში ასპარეზობისას მოხსნა, მეტოქე გუნდის კალათბურთელის გადაცემა ორჯერ ჩაჭრა, ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა.
7 მოგებითა და 3 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ათი ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შერმადინი და მისი თანაგუნდელები 15 დეკემბერს, საკუთარ დარბაზში „ხოვენტუტთან“ გამართავენ.