ზივზივაძის დუბლი და კარლსრუეს მოგება - ბუდუ ბომბარდირთა დავაში გალიდერდა
ბუდუ ზივზივაძის ბრწყინვალე თამაშის წყალობით „კარლსრუემ“ ყველა ტურნირზე 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, აუტსაიდერი „რეგენსბურგი“ საკუთარ სტადიონზე 4:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. 30 წლის ქართველი ფორვარდის ასპარეზობას ოდნავ ჩრდილსაც ვერ აყენებს მეორე ტაიმის დასაწყისში გაფუჭებული 11-მეტრიანი, რადგან უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის შესრულების უფლება თავად მოიპოვა, დაშვებული შეცდომა კი მოგვიანებით გამარჯვების ბურთის გატანით გამოასწორა.
პირველ ტაიმში „კარლსრუეს“ თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, რის გამოც სტუმრები კრისტიან კუჰლვეტერის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით სრულიად დამსახურებულად იგებდნენ. თუმცა, შესვენებაზე გასვლამდე წამებით ადრე, მათ დაცვაში დაშვებული შეცდომა ძვირად დააუჯდათ და ზივზივაძემ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევრის დაწყება და ბუდუ ზივზივაძის მეტოქის საჯარიმოში წაქცევა ერთი იყო, რის გამოც არბიტრმა სტუმართა კარში 11-მეტრიანი დანიშნა, თუმცა ქართველი ფორვარდის სუსტი დარტყმა „რეგენსბურგის“ მეკარემ, ფელიქს გებჰარდტმა უპრობლემოდ მოიგერია.
ამ მომენტიდან ზუსტად სამ წუთში „რეგენსბურგი“ ისევ წინ გავიდა, თუმცა მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მსაჯმა „კარლსრუეს“ სასარგებლოდ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კიდევ ერთხელ დადო, რომელიც მარვინ ვანიცეკმა გოლად აქცია.
ბუდუმ კი დაშვებული შეცდომა 62-ე წუთზე გამოასწორა, როდესაც თანაგუნდელების მიერ გათამაშებული ბრწყინვალე კონტრშეტევა ისეთი დარტყმით დაასრულა, როგორც მაღალი კლასის ფორვარდს შეეფერებოდა.
დარჩენილ დროში ქართველ თავდამსხმელს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, ხოლო არბიტრის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ის შეცვალეს.
მოპოვებული გამარჯვებით „კარლსრუე“ 26 ქულით მეოთხე პოზიციაზეა აღწევდა, ზივზივაძის ანგარიშზე კი უკვე 11 გოლია, რის შემდეგაც ის ბომბარდირთა დავას სათავეში ერთპიროვმულად ჩაუდგა და უშუალო კონკურენტებს 2 ბურთით გაუსწრო.