„რთული ჯგუფია“ | იაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე
13 დეკემბერს, ციურიხში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიან E ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული იქნებიან. წილისყრის შედეგებზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.
„რა თქმა უნდა რთული ჯგუფია, ესპანეთიც და ნიდერლანდებიც წამყვანი გუნდები არიან მსოფლიოს მასშტაბით. ესპანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი თამაში დაგვიგროვდა, დღესდღეობით ვთვლი, რომ საუკეთესო ნაკრებია. თურქეთს გამორჩეული ინდივიდუალური მოთამაშეები ყავს, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მათ წინააღმდეგაც ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, ბულგარეთი ტრადიციული საფეხბურთო ქვეყანაა.
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის. ვიცით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კარგია, რომ ივნისის თვეში გვექნება ამხანაგური მატჩები და მოვემზადებით საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის, რომელიც სექტემბერში დაიწყება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტის პლეი-ოფი წარმატებით ვითამაშოთ და შემდეგ მთელი კონცენტრაცია იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ პერიოდზე და უშუალოდ ამ თამაშებზე“.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი, ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებენ. E ჯგუფის მონაწილეებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირი სამს ქვეყანა - აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.
წყარო: nakrebi.ge