ევროპის ჩემპიონატი თბილისში - საქართველო მასპინძლად აირჩიეს
ხელბურთში გოგონათა შორის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროპის ხელბურთის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ რიგით მეექვსე და 2024 წლის ბოლო სხდომაზე მიიღო. შეჯიბრება თბილისში 2025 წლის 12-20 ივლისს ჩატარდება, მასპინძელი დარბაზის შესახებ კი მოგვიანებით გაირკვევა.
სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებისთვის ჩვენს ქვეყანას ხელბურთში ბოლო წლებში უმასპინძლია, თუმცა მსგავსი დონის შეჯიბრების მიღების პატივი საქართველომ პირველად დაიმსახურა. ბუნებრივია მასპინძლის სტატუსით საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება და მაღალი კლასის მეტოქეებთან შეხვედრით ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებს.
ავსტრიის დედაქალაქში საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ და კომიტეტის სხდომაზე დასწრების გარდა, საერთაშორისო ფედერაციის შეფებთან სამუშაო შეხვედრებიც გამართეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვახტანგ მეიფარიანი მეორე ვადით აირჩიეს.