პირველი 3 ქულა | საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ფარგლებში თბილისი არენაზე კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა.
ანგარიში კოსოვოელებმა გახსნეს - მე-10 წუთზე ილი მარზეკუს პასის შემდეგ გოლი მალუშ ჩერიმიმ გაიტანა. თუმცა უკვე ერთ წუთში მეტოქის შეცდომით გიორგი ღავთაძემ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ღავთაძემ დუბლი შეასრულა, 32-ე წუთზე კი არჩილ სებისკვერაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ლამაზი დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორ გოლამდე გაზარდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ძირითადი: ძირითადი თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).
სათადარიგო: ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ბექაური (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), შალვა ცირამუა (არმია), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ).
მომდევნო ტურში ჩვენი გუნდი საფრანგეთს შეხვდება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 18 დეკემბერს, 00:15 საათზე დაიწყება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში ავთანდილ ასათიანის გუნდი მეათე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც საფრანგეთის და კოსოვოს გარდა, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.