„განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა ვითამაშოთ“ - ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი
ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიან ილიევმა შეაფასა ციურიხში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა, რომლის მიხედვითაც მისი გუნდის ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება.
რა თქვა ბულგარელთა თავკაცმა:
„პირველ რიგში, იმედი გვაქვს, რომ კარგად ვითამაშებთ ერთა ლიგის პლეიოფს ირლანდიის წინააღმდეგ, შემდეგ კი მსოფლიოს შესარჩევში სერიოზული გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. 6-7 თვე გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ.
ახლა საგზურის მოპოვებაზე საუბრის დრო არაა. მახსოვს, ევროპის ჩემპიონატის წინაც კეთდებოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ სუსტი ჯგუფი შეგვხვდა, თუმცა შემდეგ მხოლოდ 4 ქულის აღება შევძელით.
არ უნდა შეგვეშინდეს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა ვითამაშოთ, იმიტომ რომ მთელ ბულგარეთს წარმოვადგენთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილი გამოვიტანოთ განვლილი მატჩებიდან და იქ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ“.
შეგახსენებთ, რომ ციურიხში გამართულ წილისყრაზე საქართველომ 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საკუთარი მეტოქეების ვინაობა გაიგო. ვილი სანიოლის გუნდი მუნდიალის საგზურისთვის ბულგარეთს, თურქეთს და ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
აქვე გეტყვით, რომ ჯგუფის გამარჯვებული მუნდიალზე პირდაპირ გავა, მეორეადგილოსანი კი ფლეი-ოფში ითამაშებს, სადაც 12 ჯგუფის მეორეადგილოსნებს ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, რომლებიც შესარჩევ ციკლში პირველ ან მეორე ადგილს ვერ დაიკავებენ. პლეი-ოფში ორი ეტაპია, ნახევარფინალი და ფინალი. ფინალში გამარჯვებული ნაკრები მუნდიალზე ითამაშებს.