„შეთანხმება მიღწეულია“ | როგორი იქნება კვარას ახალი კონტრაქტი
„ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, შეთანხმება შედგა. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Mediaset-ი ავრცელებს და წერს, რომ ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.
„სრული შეთანხმება ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის. ქართველი გარემარბი ხელშეკრულებას 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. შეთანხმება გასულ კვირას, რომში შედგა და ფეხბურთელის ხელფასი, ბონუსების ჩათვლით, რომელთა ამოქმედებაც მარტივი გახლავთ, 6 მილიონი ევრო იქნება.
კონტრაქტში ჩაიწერება გამოსასყიდი პუნქტი და თანხად 80 მილიონი ევრო დაფიქსირდება. ეს ყველაზე პრობლემური საკითხი იყო, რადგან კლუბს 100 მილიონის დაფიქსირება უნდოდა, ფეხბურთელის წარმომადგენლები კი 60 მილიონის ჩაწერას ითხოვდნენ“, - აცხადებს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისში იწურება. ამ მომენტისთვის, მისი ანაზღაურება 1.5 მილიონი ევრო გახლავთ. მიმდინარე სეზონში ხვიჩამ იტალიის ჩემპიონატის 15 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.